
გამოძიება, შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხულ მოწმეებთან სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები და მიმოწერები განიხილა. ამის შესახებ ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ საგამოძიებო უწყებიდან გამოსული იაკობ ბრეგვაძის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომელიც „აჭარის ტელევიზიამ“ ექსკლუზიურად ჩაწერა.
ამასთან, ირკვევა, რომ გამოძიებამ უკვე აღადგინა ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან წაშლილი ფაილები, რასაც საზოგადოების ფართო წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
რა ფაილები იყო წაშლილი, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი ამას თავად განმარტავს.
„ფოტოაპარატიდან ფოტოები წაშლილი არ არის. ის, რაც აღადგინეს, არის სამი დღით ადრე გადაღებული ფოტოსესიის ფოტოები“, – ამბობს ბრეგვაძე.
ის იმედოვნებს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა, მანამდე კი საკუთარი ვერსიების გახმოვანებისგან თავს შეიკავებს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ამას საზოგადოება ვერსიებად არ მიიჩნევს და მტკიცებით ფორმად მიიღებს.























