20:40 | 2020-07-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ასე გავაჩინე ბავშვი, რომლის დაბადებაც უკვე მეც აღარ მინდოდა – ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

ასე გავაჩინე ბავშვი, რომლის დაბადებაც უკვე მეც აღარ მინდოდა – ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ოჯახში ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. სტატისტიკის მიხედვით, მსხვერპლი ხშირად ქალია. მართალია, ოჯახური ძალადობის შემთხვევებში მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები სამართალდამცავ უწყებებს არ მიმართავენ და მოძალადის გვერდით დარჩენას ამჯობინებენ.

 

ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ზოგჯერ ქალის ოჯახი უარს ამბობს შვილის უკან მიღებაზე, ხოლო მსხვერპლს დამოუკიდებლად ცხოვრების გასაგრძელებლად შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობა და უნარები არ გააჩნია.

 

სწორედ ამ მოცემულობის გამო დღემდე მოძალადე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ჩვენი რესპოდენტი, რომლის ვინაობასაც, მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ანონიმურად ვტოვებთ.

 

ლია (სახელი შეცვლილია) უკვე ოთხი წელია მოძალადე ქმართან და მის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ლიას უკვე ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ის მეუღლისა და მულის მხრიდან არაერთხელ გახდა როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ოჯახმა მის დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

 

ლია: „15 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ორ თვეში გახდა 18 წლის. თავიდან თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მართალია მეუღლის ოჯახს არაერთხელ ჩემს გასაგონად უთქვამს, რომ მე მათი შვილის შესაფერისი არ ვარ, მაგრამ ჩემი ქმარი არ მეჩხუბებოდა.

 

სიტუაცია დაიძაბა, როცა პირველი ბავშვი გავაჩინე. ჩემს მშობლებს ჩემი დახმარების საშუალება არ ჰქონდათ და რომც ჰქონოდათ, ჩემი გათხოვების გამო არ მელაპარაკებოდნენ. მული და მამამთილი ყოველ ლუკმას მაყვედრიდნენ და დღესაც ამ დღეში ვარ. მამამთილი მეუბნება, რომ ჩემი და ჩემი შვილების რჩენის ვალდებულება არ აქვს. მეუღლე კი არ მუშაობს. როცა სიტუაცია ძალიან იძაბება, ის ჯავრს ჩემზე იყრის.

 

სანამ მეორე შვილს გავაჩენდი, მშობლებს ვუთხარი, რომ სახლში დაბრუნებას ვაპირებდი. ორი დღით ადრე ქმარმა მცემა და სხეულზე სილურჯეც მეტყობოდა. დედაჩემმა მითხრა, მეც ასე ვიყავი და ქალი რომ გათხოვდება, სადაც მივა, იმ ოჯახში უნდა მოკვდესო. ისე დამაბრუნა ქმრის ოჯახში, მამაჩემს არც გაუმხილა ეს ამბავი. იცოდა, რომ ამისთვის მამას შეიძლება დედა ეცემა.

 

ჩემმა ქმარმა რომ გაიგო, მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ ვიყავი, გაგიჟდა. მაიძულებდა, რომ აბორტი გამეკეთებინა. დედამ მომცა ფული, მაგრამ ექიმმა უარი მითხრა, რადგან ნაყოფი უკვე დიდი იყო. ასე გავაჩინე ბავშვი, რომლის დაბადებაც უკვე მეც აღარ მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებდა ჩემს ქმარს და მის ოჯახს.

 

მართალიც ვიყავი. ოჯახში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ბავშვები ხშირად ტირიან, რადგან არც კვება და არც გარემო შესაფერისი არ არის. მე არც პროფესია მაქვს და მხარდამჭერიც არავინ მყავს, რომ იქიდან წამოვიდე და დამოუკიდებლად ვიცხოვრო. ბინა ხომ უნდა ვიქირავო, ეს ორი პატარა ბავშვი ვის უნდა დავუტოვო, რომ დამლაგებლად მაინც დავიწყო მუშაობა.

 

Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ
2020-05-21Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ
ვიცი, რომ ალიმენტიც რომ დააკისრონ, არსად მუშაობს და მაინც ვერაფერს გადაიხდის. ერთ–ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იცის ჩემი მდგომარეობის შესახებ და მეხმარება ბავშვების საკვებით, ტანსაცმლით და მედიკამენტებით. თავშესაფარში გაყვანაც შემომთავაზა, მაგრამ იქ რომ წავიდე, რამდენიმე თვეში მაინც უკან დაბრუნება მომიწევს და ეს ჩემს ქმარს კიდევ უფრო გააღიზიანებს.

 

გამოსავალი? ალბათ არის. ჩემს ქმარს მშობლებმა საზღვაოზე ჩააბარებინეს და იმედი მაქვს, რომ მუშაობას დაიწყებს. ასე მგონია, თუ იმუშავებს და თავისი შემოსავალი ექნება, ასეთი აგრესიულიც აღარ იქნება და მისი მშობლებიც აღარ დამაყვედრიან ყოველ ლუკმას.

 

ოცნებებიც მქონდა, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და როგორც მეუბნებოდნენ, არაჩვეულებრივად ვმღეროდი. მინდოდა, მუსიკას გავყოლოდი. ახლა აღარც სიყვარული მაქვს და მგონია, ვეღარც მუსიკას დავუბრუნდები.“

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით მთლიანად საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა 4212–ია. აქედან 722 კაცი და 3490 ქალი. რაც შეეხება აჭარას, იმავე პერიოდში სულ 376 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. აქედან 54 კაცია და 322 ქალი.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X