
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შაქარაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.
თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.
უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.






















