
ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფებოდა.
თოფაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტს მისი მეუღლე უშუალოდ შეესწრო.
„ოთახი, ბინა, სადაც მოხდა ეს ტრაგედია, სისხლშია სულ კედლები, იატაკი და ყველაფერი. ვუთხარი, რომ იქ ცხოვრობს ჩემი შვილიშვილი და ოჯახის წევრები, ამიტომ უნდა გავწმინდოთ ეს ყველაფერი.
2 დღე დაგვაცადეთ, ის გოგონაც უნდა დაკითხონ, შეიძლება კიდევ ერთი ბიჭი დაკითხონ. იქ იყო სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხნი იყვნენ, ყავას სვამდნენ, როდესაც ამოვიდა ეს ბატონი და ატეხა ეს ამბავი.
ჩემს მეუღლეს კინაღამ მოხვდა დანა. მან როდესაც გაიგო ეს ამბავი, ამოვარდა და უკვე დაჭრილი იყო ჩემი შვილიშვილი, აშველებდა და კინაღამ მას მოხვდა დანა“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის საქმეზე დაკავებული ბესარიონ ჟვანია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.























