
ლევან თოფაძე კლინიკიდან გაწერეს, ის უკვე სახლში იმყოფება – ამის შესახებ გოგი თოფაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
„დღეს გამოვიყვანეთ კლინიკიდან, ძალიან ითხოვდა, თვითონ ექიმებს უნდოდათ დარჩენილიყო, მაგრამ ბავშვის თხოვნა იყო, რომ სახლში გაეწერათ. მომავალ კვირას კიდე რამოდენიმე პროცესი უნდა გაიაროს, მაგრამ რა თქმა უნდა გადარჩა.
ფეხი აქვს მძიმედ, სისხლი აქვს ძალიან ბევრი და ორშაბათიდან დავიწყებთ რეაბილიტაციას“,- აცხადებს გოგი თოფაძე.
ისაუბრეს თუ არა მომხდართან დაკავშირებით ბაბუა და შვილიშვილმა ამ კითხვაზე გოგო თოფაძე ამბობს, რომ ჯერ პირველი დღეა რაც გაწერეს და ამ თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა ბუნებრივია მას ბევრი კითხვა აქვს და ლევანის დაჭრის თემაზე ისაუბრებენ.
„დღეს პირველი დღეა და ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ხვალ და ზეგ მეც დავინტერესდები, ჯერ არაფერი ისეთი არ უთქვამს„, – ამბობს გოგი თოფაძე.
ასევე ლევან თოფაძეს გადარჩენას სოციალურ ქსელში ულოცავენ.
„ლევან თოფაძის გადარჩენას და შინ დაბრუნებას ვულოცავ ყველა მის ახლობელს და ნინო ჟვანიას, რომლის პოზიცია გამორჩეულად ღირსეული იყო ამ დღეებში.
ბესარიონ ჟვანიასაც ვულოცავ, მჯერა, რომ ეს ამბავი შეცვლის და განავითარებს მას პერსონალურად, როგორც ადამიანს და პიროვნებას, დაანახვებს და განაცდევინებს საკუთარ დანაშაულს.
მე მას არ ვიცნობ. სულ ერთხელ შევხვდი, უნივერსიტეტში, 1 საათით საქმიან თემაზე სასაუბროდ და არასოდეს დამავიწყდება მისი დაინტერესებული და მშფოთვარე მზერა.
ლევან თოფაძეს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევსწრებივარ მის ქებას. ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი პაპამისს ამ დღეებში.
იმ გოგონასაც ვულოცავ, რომლის მხოლოდ ფოტო გვაჩვენა მედიამ, როგორც ნატურმორტი . მასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს მართლა უსულო საგანი არ ეგონოს და ადამიანად ჩათვალონ. ეს ხმის ამოღება უმნიშვნელოვანესია მისთვისაც და ყველა იმ გოგონასთვის, რომელსაც ჯერ არ “გაუღვიძია!”
საბოლოოდ კი ლევან თოფაძის გადარჩენას ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ადამიანია მგლების ხროვაში“, – წერს სოციალურ ქსელში ლელა გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟმა ბუსა ჟვანიამ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ერთი კვირის წინ დაჭრა. დაპირისპირების მიზეზი გოგონა გახდა.
სასამართლომ ბუსა ჟვანია წინასწარ პატიმრობაში დატოვა და ბრალიც დაუმძიმა. თუმცა გოგი თოფაძე პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
























