
ახალქალაქში სისხლიან დაპირისპირებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე შეესწრო.
სავარაუდოდ, ის იმ სასტუმროში იმყოფება, სადაც კონფლიქტის შედეგად ინვენტარი და ინტერიერი დაზიანდა.
„ახალქალაქში ვართ ტრადიციული მისიით – სოფლებში ბიბლიოთეკებს ვაფუძნებთ. ცოტა შეუძლოდ გახლდით და სასტუმროში დაბინავებულს, ჩამეძინა.
უცებ დიდი ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა, რომელმაც მალევე მოშორებით გადაინაცვლა. ახლა ვარკვევთ, რომ კონფლიქტისას ერთი ადამიანი მოუკლავთ, ოცდაათს არმიღწეული. საშინელი განცდაა ამდენი სიკვდილის ასე ხშირად და ასე ახლოს მოსმენა“, – წერს კეკელიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სისხლიანი გარჩევა მოხდა ახალქალაქში. ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად, 27 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლების მესამე და მეოთხე ნაწილით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-მოხმარება) მიმდინარეობს. უწყებაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც დაადასტურეს.























