11:46 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

როგორ აღმოჩნდა ავტომობილში თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი – ექსპერტიზის დასკვნა

როგორ აღმოჩნდა ავტომობილში თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი – ექსპერტიზის დასკვნა

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილსა და ნივთებზე სისხლის კვალია აღმოჩენილი.

 

ლევან სამხარაულის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშილის ავტომობილში მისი სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, ავტომობილის უკანა მარჯვენა ხალიჩაზე, მობილური ტელეფონის ორივე მხარეს, ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე.

 

აღნიშნული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნებშია ასახული.

 

 

 

 

 

როგორ აღმოჩნდა სისხლის კვალი ბაჩალიაშვილის ავტომობილში? ირკვევა, რომ აღნიშნული სისხლის წვეთები ცხედრიდან სხვადასხვა ნივთებზე გადავიდა.

 

როგორც ცნობილია ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს იპოვეს. ცნობილია, რომ ამ პერიოდში უკვე დაწყებული იყო გვამური ლპობის პროცესი, რასაც ხელს უწყობდა მაღალი ტემპერატურა.

 

სპეციალისტების შეფასებით, სწორედ აქედან გამომდინარე გადავიდა ბაჩალიაშვილის სისხლის ნაწილაკები ავტომობილის სავარძელსა და ნივთებზე, რომელიც ცხედართან ახლოს იდო. მაგალითად, ირკვევა, რომ პირბადე, სადაც სისხლის ნაწილაკებია აღმოჩენილი, ავტომობილის უკანა სავარძელზე, ცხედრის ქვემოთ იდო.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი: Prime Time

X