15:22 | 2021-03-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახეში“- სად და რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც მამა აქირავებდა

„იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახეში“- სად და რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც მამა აქირავებდა

რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა. უმძიმესი ისტორიის მთავარი გმირი დაკავებული პეტრე მარტინოვია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა, ხოლო შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა. ოჯახური ძალადობის ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პეტრე მარტინოვს ცოლმა წამებისთვის უჩივლა.

 

შემთხვევა სოფელ კრწანისში მოხდა, სადაც მამა შვილებს დღეში 50 ლარის მიტანას ფიზიკური ძალადობის მუქარის შედეგად აიძულებდა. ჩვილ ბავშვს დანარჩენ 4 შვილს თან აყოლებდა, რათა მეტი თანხის შოვნის შესაძლებლობა ჰქონოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა მოწყალების მთხოვნელ მოქალაქეზე 3 თვის ბავშვს აქირავებდა.

 

“დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა ცოლის წამების მეორე დღეს, 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლის მშობლებსა და ძმას და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა ცოლის მამასა და ძმაზე.

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა სად და რა პირობებში იმყოფებიან მოზარდები და ამ კითხვით გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდები ოჯახში იმყოფებიან და მათი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა, რადგან აღნიშნულ ოჯახში ბავშვებს ყველა პირობა აქვთ, რათა ღირსეულად იცხოვრონ. მოზარდების დედა ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ პატარები მოწყალებას არ ითხოვენ.

 

“ოჯახს ეკონომიკურად ნამდვილად არ უჭირს. ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ და არავითარი საჭიროება არ აქვთ, მოწყალება ითხოვონ. სოციალური მუშაკი კი, რეგულაურ მონიტორინგს უწევს ამ ოჯახს და ყურადღების ქვეშ არიან.” – აცხადებენ უწყებაში.

 

პროკურატურა: ქმარმა ცოლი აწამა და მოკვლით დაემუქრა
2021-03-02პროკურატურა: ქმარმა ცოლი აწამა და მოკვლით დაემუქრა

 

პროკურატურის ცნობით, გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11′-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურის ცნობითვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

უწყების განცხადებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X