20:50 | 2021-06-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“აბსოლუტურად ყველაფერზე ვკითხავდი რჩევას” – სანდრო სანაია მამის შესახებ, „კურიერში“ პირველი ეთერის შემდეგ

“აბსოლუტურად ყველაფერზე ვკითხავდი რჩევას” – სანდრო სანაია მამის შესახებ, „კურიერში“ პირველი ეთერის შემდეგ

გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია, მაყურებელმა დღეს, “კურიერის” ეთერში იხილა. სანდრო ახლა იმ ასაკშია, რომლითაც მისი მამა დაგვამახსოვრდა, მისი პოპულარობის ზენიტში. თუკი ვინმე დღეს, “კურიერში” სანდროს შემხედვარე იამაყებდა, ეს ბუნებრივია, გიორგია. ნიჭიერი და ქარიზმატული ჟურნალისტი ვაჟის პირადი “მწვრთნელი” იქნებოდა.

 

სანდროს, დღის “კურიერის” წამყვანად, თამუნა ურუშაძისა და თეონა ცხომელიძის მეწყვილედ, მონაცვლეობით ვიხილავთ. გოგონების მეორე თანამწამყვანი ავთო გვასალიაა (დილის პროგრამიდან იცნობთ), რომლის პირველი ეთერი “კურიერში” ხვალ იგეგმება.

 

თამუნა ურუშაძე: – დღეს პირველი ეთერი აქვს სანდროს, ღელავდა და ეს ბუნებრივია და კარგია, რადგან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება საქმეს, რომელსაც ხელი მოკიდა. ვფიქრობ, რომ როგორც წამყვანი, ის შედგა. დღეს, გამოშვებიდან – გამოშვებამდე ვატყობდი, როგორ უფრო და უფრო იზრდებოდა, როგორც პროფესიონალი. ყოველი ახალი გამოშვება, წინას ჯობდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი სტარტია. ნიჭიერი ბიჭია. ვულოცავ.

 

სანდრო სანაია 2018 წელს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, არხის შემოთავაზებით, “რუსთავი 2”-ში აღმოჩნდა. აგერ უკვე სამ წელზე მეტია, რაც მას შაბათ-კვირის დილის ეთერის მაყურებელი თვალს ადევნებს.

 

ახლა კი სანდრომ არხის ხელმძღვანელობას საკუთარი თავი საინფორმაციო გამოშვებაში “შესთავაზა”.

 

 

“კურიერის” ახლადგამომცხვარი წამყვანი “პრაიმტაიმს” თავის თავზე უყვება.

 

სანდრო სანაია: – ჩემი პროფესია, პირველ რიგში, საკუთარმა ინტერესმა განაპირობა. მამის ფაქტორი მხოლოდ ბიძგი იყო, დანარჩენი ჩემი ხედვა, ინტერესი გახლავთ.

 

თავდაპირველად, “კურიერს” თვითონ შევთავაზე საინფორმაციო გამოშვებაში, რომ დავმჯდარიყავი. ინტერესთა თანხვედრა მოხდა და ჩემს ცხოვრებაში ახალი წიგნი გადავფურცლე, რომელსაც ნიუსში მუშაობა ჰქვია. ნიუსი ისეთი აქტიური და ცოცხალია, რომ შინაგანი მზადებისთვის და ღელვისთვის დრო აღარ დამრჩა. ბევრი მინდოდა მენერვიულა, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. სანერვიულო არის, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, შესაბამისად, ამ ყველაფერს უნდა აყვე; ადეკვატურობა, სისხარტე და მოქნილობა სჭირდება. ამ უნარებს ნელ-ნელა ვიმუშავებ.

 

ჩემი მიზანი, ამ ეტაპისთვის ნიუსში მუშაობაა. მინდა კიდევ დიდხანს ვიყო აქ.

 

თამუნა ურუშაძესთან ერთად მუშაობა გადასარევია. უანგაროდ მეხმარება, დიდი გამოცდილების მქონეა და მზადაა ჩემი შეცდომებიც აიტანოს. თავდაჯერებულობას მაძლევს და ვიცი, წინსვლაში დამეხმარება.

 

 

– რას ნიშნავს შენთვის “კურიერი”?

 

– ქვეყნის მთავარ საინფორმაციო სამსახურს, რომელიც ოც წელზე მეტია ქვეყანაში ამინდს და განწყობას ქმნის. დიდი პატივია, როდესაც ამ სამსახურის ნაწილი ხარ. მამას, “ღამის კურიერამდე”, საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ვნახოთ, მე ჯერ ამის ამბიცია ვერ მექნება. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, კი შეიძლება მქონდეს ეს სურვილიც. ამ ეტაპზე განვითარებაა ჩემი მთავარი მიზანი.

 

– სანდრო, რითი გავხარ მამას?

 

– არ ვიცი. ფიზიკურად გვამსგავსებენ. პიროვნულად, როგორც მეუბნებიან, მე სულ სხვა ტიპი ვარ, გიორგი – სულ სხვანაირი იყო. მიზანდასახულობა და საქმის მიმართ სიყვარული კი ნამდვილად გვაერთიანებს.

 

მამა რომ გარდაიცვალა, ხუთი წლის ვიყავი. იმ ასაკში იყო, რამხელაც ახლა მე ვარ. ფრაგმენტულად მახსოვს, ბევრს ვერაფერს გავიხსენებ. 20 წელი გავიდა, თუმცა ჩემთვის გიორგის გახსენება და მასზე საუბარი, მტკივნეულია.

 

 

– ძნელია ახლა ამის თქმა, მაგრამ დაახლოებით თუ წარმოგიდგენია, როგორ შეგაფასებდა “კურიერის” ეთერში მჯდომს?

 

– მგონია, რომ მკაცრი იქნებოდა და ბევრ რამეში გამაკრიტიკებდა. ამაში დარწმუნებულიც კი ვარ.

 

– რა რჩევას კითხავდი?

 

– აბსოლუტურად ყველაფერზე ვკითხავდი რჩევას. პირველ რიგში, ცხოვრებისეულ თემებზე შევეკითხებოდი… გიორგისგან მილიონ რამეზე მივიღებდი რჩევას. მერე, რა თქმა უნდა, პროფესიული კუთხით ყველა დეტალზე გავივლიდი საინტერესო რჩევას. ვკითახვდი ყველაფერზე, რისი კითხვაც სხვისთვის მერიდება, ან რისი გამოცდილებაც ჯერ არ მაქვს.

 

ვახოსგან ხშირად ვიღებ რჩევებს. მას კოლოსალური გამოცდილება აქვს. ბევრ რამეში დაეჯერება, ჩემი აზრით. ჯერჯერობით, არ შემხმიანებია. მიყურებს და მოგვიანებით შემეხმიანება.

 

– ყველაზე მეტად ვისი აზრი გაინტერესებს?

 

– ჩვენი პროდიუსერების და საინფორმაციო სამსახურის უფროსის აზრი მაინტერესებს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X