22:05 | 2020-12-14 ავტორი: Prime Time

“ადამინები, რომლებიც არავინ იცის რისთვის იხდიდნენ სასჯელს” – ნიკა გვარამია სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაკავებულ ფოტოგრაფებზე

“ადამინები, რომლებიც არავინ იცის რისთვის იხდიდნენ სასჯელს” – ნიკა გვარამია სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაკავებულ ფოტოგრაფებზე

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩზე, ჯონ ბასზე ისაუბრა.

 

გვარამიამ ყოფილი ელჩის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის მაგალითები გაიხსენა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მის როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

გვარამიას თქმით, ჯონ ბასის უშუალო ჩარევით საქართველოში ე.წ. მასთქერის პრინციპები დაინერგა, რითაც ოპოზიციური არხები გადაარჩინა, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება გაუქმებას უპირებდა.

 

“ეს კაცი სისხლს უშრობდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას, სისხლს უშრობდა და სწორად იქცეოდა. ის იყო ოპოზიციის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი. არაკონკრეტული სახელების და გვარების, არამედ ოპოზიციური იდეის და დემოკრატიის.

 

ის იყო “მასთქეერის” პრინციპის  დამნერგავი საქართველოში, ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფ სატელევიზიო პაკეტის გამავრცელებელ ორგანიზაციებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ხელისუფლების ჩარევით ამოეღოთ ოპოზიციური არხები და მისი ზეწოლით ხელისუფლება იძულებული გახდა ჩაეწერა კანონში, რომ ვალდებულია ყველა გამავრცელებელი, მიმართის შემთხვევაში გაავრცელოს ნებისმიერი არხი”, – განაცხადა გვარამიამ.

 

გვარამიამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე და აშშ-ს ყოფილი ელჩის უშუალო ჩარევით მათი გათავისუფლებაც გაიხსენა.

 

“ფოტოგრაფების სამარცხვინო საქმე დამღად აწევს წინა ხელისუფლებას. მისი დამსახურება იყო, რომ ადამიანები გაათავისუფლეს. ადამინები, რომლებიც ნამდვილად არავინ იცის რისთვის იხდიდნენ სასჯელს. ან შეიძლება ვინმემ იცის, რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას, როდესაც ესეთ მძიმე შეცდომას უშვებს სახელმწიფო”, – განაცხადა გვარამიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა, ამ დროს ნიკა გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. მან მალევე თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა.

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  2011 წლის 7 ივლისს, 13.00 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რამდენიმე ფოტოგრაფი დააკავა. დაკავებულ პირებს ბრალი დასდეს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.

 

ცნობისთვის, დაკავებული ფოტოგრაფები 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აშუქებდნენ.

ავტორი: Prime Time

X