
„მერაბ კობიაშვილის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარემ მოითხოვა მოსამართლის აცილება“, – ამის შესახებ ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პროკურორების თქმით მოსამართლემ ბრალდების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით წინასწარ გამოხატა მოსაზრება.
ასევე, პროკურორების თქმით, მოსამართლე დაუსაბუთებელ შენიშვნებს აძლევდა პროკურორებს. სინამდვილეში კი ბრალდების მხარის გაღიზიანება გამოიწვია დაცვის მხარის ძლიერმა და დასაბუთებულმა პოზიციამ.
აშკარად გამოჩნდა, რომ ყველა ჩვენი სიტყვა გამყარებულია უტყუარი მტკიცებულებებით! პროკურორები დაცვის მხარის შესავალი სიტყვის დროს აკეთებდნენ რეპლიკებს, კომენტარებს, განცხადებებს და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ შესავალი სიტყვის წარმოთქმაში.
ამ დროს ვალდებულიც იყო მოსამართლე, მოეწოდებინა პროკურორებისთვის რომ შეეწყვიტათ ადვოკატისთვის ხელშეშლა. მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.როცა სიმართლე ბრალდებულის მხარესაა, გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერავინ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ ნაფიცმა მსაჯულებს სიმართლე ვაჩვენოთ“,- წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.
ასევე დაგაინტერესებთ:























