
ჩემპიონთა სახლის გაყიდვების მენეჯერი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად კორპუსის 40-45 პროცენტი დაზიანებულია.
„ვაწარმოებთ გარე ფასადურ სამუშაოებს, თუმცა 40-45 პროცენტი აფეთქების შედეგად გარე ფასადი დაზიანდა. ხვალისთვის დეტალურად მოხდება აღწერა.
რამდენჯერმე გადატანაც მოვითხოვეთ მაგრამ უარი გვითხრეს საჭიროებას არ წარმოადგენსო, თუმცა დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს“, – განაცხადა ჩემპიონთა სახლის გაყიდვების მენეჯერმა.
იქვე ცნობილი ხდება, რომ 48 წლის კაცი, რომელმაც აფეთქებისას დამწვრობა მიიღო, იმავე კომპანიის თანამშრომელია.
სავარაუდოდ ამ კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი პოლიციამ ადგილზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველებმა უამბეს, ის აფეთქებისას დაშავებულს ეძებდა, სამართალდამცველებმა კი შემთხვევის ადგილზე შესვლის უფლება არ მისცეს.
ამ დროისთვის ის ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია.
ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.























