
ამ ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე რამდენიმე თვის წინ ვწერდით. მაისის თვეში, ლილოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 37 წლის მამაკაცი შეეწირა.
სოსო უსტიაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიამ ოჯახი საბოლოოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა არც სოსოს გარდაცვალებამდე ყოფილან დალხენილები.
მისი ქვრივი, ირმა შამათავა, ახალგაზრდა, მცირეწლოვანი შვილების დედა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რუსთავის გზატკეცილზე, ტყეში ნათხოვარ სახლში მძიმედ ავადმყოფ დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ კორონავირუსმა იმსხვერპლა მისი მოხუცი დედამთილი, ირმას და მისი შვილების უკანასკნელი იმედი და ხელის შემშველებელი…
ირმას მეუღლის სახლი კახეთში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაუხდელ იპოთეკურ ვალში დაიტოვა. ამ ტრაგედიის შემდეგ კი, საფინანსო ორგანიზაცია ოჯახს 57 000 ლარის ნაცვლად საცხოვრებლის დაბრუნების სანაცვლოდ 40 000 ლარს სთხოვს, 36 წლის უმუშევარ ირმას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.
ოჯახის ტრაგედიაზე ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაკა ხეცურიანი ავრცელებს.
„ირმა ერთი მშრომელი, თავგანწირული, მოკრძალებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც რატომღაც მწარედ უღალატა იღბალმა.დღევანდელ სიტუაციაში დახმარების აუცილებლობა აღარავის უკვირს, მაგრამ გეტყვით რატომ გამოვარჩიე ირმა.
ორი მცირეწლოვანის დედას გული და გონება გაჭირვებულისაკენ ჰქონდა ყოველთვის, ერთი ხელით რომ შრომობდა, მეორეთი სხვას ეხმარებოდა, არასოდეს ირმას ოჯახში სადილი არ გაკეთებულა,ისე რომ მოხუცისათვის, მრავალშვილიანისათვის, მეზობლისათვის არ ეწილადებინა, რაც მთავარია და ყველაზე დასაფასებელი – შრომა, შრომა და შრომა, მძიმედ, ფერმებში, ყანაში, ვენახებში დაქირავებული, თუ საკუთარ ოჯახში, სიხარულითა და იმედით – ირმა მუდამ მძიმედ შრომობს.
როცა მისთვის დახმარება დავგეგმეთ – ქათამი და გოჭი არჩია თუნდაც ერთი კვირა ფეხი-ფეხზე გადადებული ყოფნას – გავზრდი, გავამრავლებ და ჩემს შვილებს ხვალინდელი დღე მაინც ექნებათ გარანტირებულიო. მაგრამ ბედმა და იღბალმა გაწირა ეს ახალგაზრდა ქალი. ბოლო თვეების მანძილზე სამი მიცვალებულის შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტო შეემატა ირმას კედელს.
ჯერ ახალგაზრდა და დაკრძალა მოულოდნელად. ახალგაზრდა მეუღლე – 2 პაწიასა და ირმას იმედი – ავტოავარიაში დაიღუპა, 2 თვეში კორონამ შეუტიათ, ღმერთის წყალობით ირმა და ორივე ბავშვი გამოვიდნენ საავადმყოფოდან, მაგრამ ვერაგმა ვირუსმა მოხუცი დედამთილი, უკანასკნელი იმედი და ხელის შემშველებელიც იმსხვერპლა და დარჩა ირმა მარტო…
აი აქ ცოტა ხნით შეჩერდით და დაფიქრდით… როგორ იცხოვროს 10 და 18 თვის ბავშვების მარტოხელა დედამ, ქუჩაში, შემოსავლის გარეშე?! თორემ ირმასავით მშრომელს ძალიან ცოტას ვიცნობ. მისამართი არ აქვთ. სახლი, კარი, ქონება, იმედი, აღარაფერი აქვთ…
ირმამ გადაწყვიტა, ოდესღაც მისი მეუღლის ოჯახის კუთვნილ სახლს შეფარებოდა, მეუღლის საფლავზე სიარულის საშუალება რომ ჰქონდეს ამიტომაც არჩია გურჯაანში ყოფნა, თუმცა დიდად არჩევანი არ აქვს. სახლი, რომელსაც შეეფარნენ ძველი და დანგრეულია, სახურავი დაზიანებული აქვს, ჭერიდან წყალი მოთქრიალებს, მაგრამ ეს ირმას შვილების წინაპრების კერაა, და ჩუმად, ოცნებაში ალბათ ფიქრობს – იქნებ რაღაც სასწაულით მოხერხდეს ბანკიდან სახლის გამოხსნა, იქნებ გაახაროს იმქვეყნად დედამთილისა და მეუღლის სული, აქ კი შვილებს თავშესაფარი გაუჩინოს…
მანამდე კი, მანამდე დღისით საავადმყოფოსა და მერიის სოც-სამსახურს შორის გაბმული ირმა ბავშვებს პატრონობს, ღამით – ეზოში გადაბურდული ჯუნგლებს კაფავს, ასუფთავებს, მეზობლები უდგანან გვერდით მეტ-ნაკლებად, ბავშვს მაინც მიადევნებენ თვალს.
იორამ კეთილაძის გუნდის დახმარებით საღორეს აშენებენ რომ ნაჩუქარი საქონელი დააბინავოს. იგივე გუნდმა წყლის გამათბობელი და ბაკი შეუძინა, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ბევრი მეგობარი შეიძინა ამ გამწარებულმა ახალგაზრდა ქალმა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს ძალა, პრობლემა მთლიანად მოვაგვაროთ. ეს ყველაფერი ქვიშაზე შენებას ჰგავს, რადგან ბანკის წარმომადგენლებმა უკვე მიაკითხეს და სახლის დატოვება მოსთხოვეს.
ირმას დასახმარებლად შევქმენით მოხალისეთა ჯგუფი, უფრო დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იქ იხილოთ. ჩვენი გეგმა კი ასეთია: იქნებ მოვახერხოთ და ბანკთან მოლაპარაკება შევძლოთ, იქნებ მოვუგროვოთ ის თანხა, ან ვინმე გამოჩნდეს, მშველელი, და ირმას შვილებს სახლი გამოუსყიდოს?
ირმას არ აქვს ბანკის ანგარიში, მეუღლის მოხუცი ბებიის ანგარიშს ვაქვეყნებთ – GE67TB7893745068100005 მიმღები ცაცა გრიგალაშვილი.
გაიცანით, გაერკვიეთ, იქნებ თქვენც შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მისი შვილების დახმარებაში…ფოტოებზე ის სახლია, რომელშიც ამ ზამთრის გატარებას აპირებს ეს პატარა ოჯახი.“ – ამბობს მაკა ხეცურიანი.























