
გომის მთაზე პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებდა, მედიაში ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, თუმცა “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
“პრაიმტაიმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ, ოჯახმა გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა.
პოლიციამ ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცის ცხედარს მიაგნო და შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მისი კუთვნილი ავტომობილიც აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის ხრამში გადავარდა.
ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ შსს-ს დავუკავშირდით. უწყებაში მხოლოდ მამაკაცის ცხედრის პოვნის ინფორმაცია დაგვიდასტურეს.
“სამართალდამცველებმა ცხედარი იპოვეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.” – აცხადებენ შსს-ში.
ერთი თვის წინ გომის მთაზე ტრაგედია დატრიალდა. 1 მარტს გომის მთაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან, ოთხი ბიჭი, სანადიროთ წავიდა. გზაში მათ ქარბუქმა და თოვამ მოუსწრო, რის გამოც ხევს შეაფარეს თავი, თუმცა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.























