
დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია მყიდველებისა და გამყიდველების რიგს ვერ იტევდა. ორკვირიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეები ბაზარში სავაჭროდ მივიდნენ. მათი თქმით, საკვების მარაგი ამოეწურათ და სახლიდან ამიტომ გამოვიდნენ.
სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეები კი აცხადებდნენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დროა და ნერგები, თესლები და პესტიციდები უნდა მოიმარაგონ.
ბაზარში ყველა ერთხმად თანხმდება, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაირღვა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამით საფრთხე არავის შექმნია.
მას შემდეგ, რაც ახალციხის ბაზარში ჟურნალისტები შენიშნეს, ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ.
მათ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა შეუსრულებლობის გამო, ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:
• აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;
• იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;
• მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;
• დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე
• აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
ავტორი: რუსკა გვარამაძე






















