
ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი.
ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნერვოლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს“,- ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.























