
უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის. ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა, თუმცა დიდი მსხვერპლი მოჰყვა არაერთ ქვეყანაში, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსხვერპლი დიდი იქნება, თუმცა ვირუსის დროულად დამარცხების იმედი აქვს.
სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ნიუ-იორკის ცენტრში გამოტანილი გვამების შესანახი მაცივრები.
ამერიკაში არსებულ ვითარებაზე „პრაიმტაიმს“ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ესაუბრა.
– ნინი, ცნობილია რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ამერიკაც რთულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნიუ იორკში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, გვიამბეთ რა ხდება მანდ?
– ღმერთის წყალობით, კარგად ვარ. 10 დღეა თვითიზოლაციაში ვარ. ქუჩაში საერთოდ არ გავსულვარ და მოვუწოდებ სხვასაც, დარჩეს სახლში. ბუნებრივია, მთლიანი სუპერმარკეტი არ შემიძენია, მაგრამ ჯერჯერობით საკმარისი პროდუქტი მაქვს და თუ გავხდები კიდევ, ესეც არაა ცუდი, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ ამას.
ამერიკას რაც შეეხება უკვე ასეულობით ათასი ადამიანია დაინფიცირებული, ვარაუდობენ, რომ ყველაზე რთული 30 დღე იქნება.
ამბობენ, რომ 10 000 ადამიანი გარდაიცვლება, თუმცა არ მინდა ეს დავიჯერო. სავადმყოფოებში ადგილები აღარაა, ოქსიგენიც შეზღუდულია.
მე ვესაუბრე ჩემს პირად ექიმს. მან მითხრა, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არ არის, ახალგაზრდა ორგანიზმი ამ ვირუსს მარტივად იტანსო.
რაც სახლის პირობებში მიიღება, ესაა თაილენოლი და პარაცეტამოლი. რეკომენდირებულია ჯანჯაფილი, ლიმონი და თაფლი, თუ ალერგიული არ ხართ.
ხელები რომ უნდა დავიბანოთ, ეს აქაც პირველი რეკომენდაციაა.
– სამსახურიდან გაგათავისუფლეს, თუ შვებულება აიღეთ შექმნილი ვითარების გამო?
– ბანკის ფილიალი, სადაც მე ვმუშაობ, დროებით დაიხურა. მგონი თითო უბანში ერთი ფილიალი იქნება ღია.
– ნიუ იორკის ცენტრში გამოიტანეს გვამებისთვის მაცივრები… შეამჩნიე სადმე? მართალია?
– გარეთ ნამდვილად არ გავსულვარ და არაფერი მინახავს, ე.ი. ნამდვილად ასეა, რადგან ამბობენ, თუმცა ღმერთმა დამიფაროს ეს დავინახო.
რამდენჯერაც ამ კადრებს ვნახავ, მგონია მე ვიგუდები. ვირუსის სწრაფად შეჩერება, სამწუხაროდ ამერიკაში ვერ მოხერხდა.
ახლა 8 საათის შემდეგ მოძრაობა ქუჩაში აკრძალულია, ქვეყანა პარალიზებულია უკვე და რა შედეგები დადგება, არავინ იცის.
– ჯანდაცვის კუთხით როგორი ვითარებაა?
– მეტი რაღა გააკეთოს ჯანდაცვამ? მკურნალობა ყველასთვის უფასოა, მაგრამ ადგილი არაა საავადმყოფოებში.
თუ კრიტიკული არაა პაციენტი კლინიკაში არ იღებენ და სახლში გადის ადამიანი მკურნალობას, ისევ მისი უსაფრთხოების გამო.
– შენ როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციაში?
– ყველა ფილმი ვნახე, რაც არსებობს. მუსიკას ვუსმენ, ვკითხულობ, სიმღერის დაწერის ხასიათზე არ ვარ, თორემ მაგასაც დავწერდი.
– ბევრ ადამიანს შეუქმნა კორონავირუსმა ფინანსური კრიზისი, დაკარგეს სამსახური, შენ რა მდგომარეობაში ხარ?
– მე ხელფასს ჩვეულებრივად ვიღებ, მაგრამ სად დავხარჯო? საქართველოში ვგზავნი ფულს, რადგან მამაჩემი ცუდად არის და ოჯახს ვეხმარები.
ახლა ყველაზე მეტად მისი მდგომარეობა მადარდებს. მიხარია, რომ მე მაინც შემიძლია აქედან დავეხმარო ჩემს ოჯახს. დიდი მადლობა ღმერთს ამისთვის.






















