10:15 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

„ახლა, როდესაც მეტი შესაძლებლობა და მტკიცებულება გვაქვს, სიკვდილი არ უნდა დავუშვათ – აიცერით“

„ახლა, როდესაც მეტი შესაძლებლობა და მტკიცებულება გვაქვს, სიკვდილი არ უნდა დავუშვათ – აიცერით“

კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი – „ერთად გავუმკლავდეთ“ – კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

 

ექიმი თეა მესხიძე

 

„პანდემია ნერვების ომია, უთანასწორო ბრძოლა, ჩასაფრებული მარცხით და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით, მაგრამ ამ ბრძოლაში წაგებული შერკინება გაცილებით უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა… დიახ, ეს სხვა სივრცეა, ეს ის რეალობაა, რომელშიც, შვილზე, მეუღლესა და ყველაზე საყვარელ ადამიანებზე მეტად, პაციენტს სჭირდები და საკუთარ თავს განდობს… ის სტრესული გარემოა, რომელშიც ავადმყოფი გარკვეული დროის განმავლობაში რჩება, ამიტომ შენ, ექიმობის გარდა, გიწევს, ყველა მისი ძვირფასი ადამიანი ჩაანაცვლო, მისთვის ახლობელი გახდე, რათა დაგიჯეროს, მოგენდოს და არ შეეშინდეს.

„სანამ დიქტატორის სისულელეების მოსმენა არის მთავარი... ამ მომენტში ბრეიქინგ ნიუსი“ - რას წერს ზაზა წერეთელი
2021-12-03„სანამ დიქტატორის სისულელეების მოსმენა არის მთავარი... ამ მომენტში ბრეიქინგ ნიუსი“ - რას წერს ზაზა წერეთელი

 

მახსოვს, ინსულტიანი ქალბატონი გვყავდა, რომელსაც მეტყველება არ შეეძლო, ნახევარი სხეული გაჩერებული ჰქონდა და, წლების მანძილზე, ერთსა და იმავე გარემოში მყოფი, მოულოდნელად, ამხელა სტრესში აღმოჩნდა. მკურნალობის გარდა, ეს ადამიანი განსაკუთრებულ ემოციურ მხარდაჭერას ითხოვდა, უფრო მეტიც, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ამ მხარდაჭერის გარეშე არც არაფერი არ გამოვიდოდა. სავსე რეანიმაციის ფონზე, მძიმე პაციენტების გარემოცვაში, ჩვენ მაინც ვიპოვეთ საერთო ენა, თვალებით ვსაუბრობდით და ყოველი ასეთი კონტაქტი, მადლიერების ნიშნად, კათეტერებით დახუნძლული, ჯანმრთელი ხელის გულზე მიტანით სრულდებოდა! ასე მოვიგეთ უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ერთმანეთის ნდობითა და სიყვარულით… ნუთუ, ამისთვის არ ღირს ეს უმძიმესი პროფესია?! რამდენს ნიშნავს, როდესაც ადამიანებს ასე სჭირდები და შეგიძლია მათ სიცოცხლე აჩუქო!

 

წასვლის დროს, ჩვენმა პაციენტმა საწერ კალამსა და ფურცელზე მიმანიშნა. გამიკვირდა, მაგრამ მივაწოდე, სუფთა ქაღალდი ჯერ გულზე დაიდო, მერე ხელი მოათავსა და კალამზე მიმითითა, რათა კონტური მომეხაზა, მადლიერ თვალებში სიყვარულით სავსე ცრემლები გვიციმციმებდა ორივეს! ალბათ, ასე ჩნდება ემოციებითა და სიყვარულით სავსე ცხოვრებისეული ისტორიები, ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც უბრალო მოხაზულობაზე გაცილებით მეტია…! ახლა, ეს „უცნაურად“ დაწერილი წერილი და ჩვენთვის აწეული ხელი, ყოველ დილას გვახსენებს რომ იმაზე მეტი უნდა შევძლოთ, ვიდრე აქამდე შეგვეძლო… რომ ეს ომი უნდა მოვიგოთ და ამ ურჩხულს ვაიძულოთ, საკუთარი ხელით ვაწერინოთ ახალ-ახალი გამარჯვების ფერადი ისტორიები!

 

რაც მთავარია, ახლა, როდესაც მეტი შესაძლებლობა, გამოცდილება და მტკიცებულება გვაქვს, სიკვდილი არ უნდა დავუშვათ! აიცერით, გთხოვთ, აიცერით, თუნდაც იმიტომ, რომ არ წაართვათ შვილებს მშობლები, არ დააობლოთ ბავშვები… დღეს, როდესაც იარაღი ჩვენს ხელშია, ერთად აუცილებლად დავასრულებთ ამ ომს, ერთად გავუმკლავდებით!“.

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

X