
ნანი ბრეგვაძე რამდენიმე დღის წინ “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. მეორე დოზა შვიდ მაისს უწევს. თავმდაბალ ვარსკვლავს უკვირს, როდესაც ურეკავენ და აზრს ეკითხებიან. არადა, ჩვენს ქვეყანაში, როცა იმუნიზაცია ასეთი დაბალი აქტივობით მიდის, მსგავსი ადამიანებისგან მაგალითის მიცემა, ძალზედ მნიშვნელოვანია.
ვაქცინამ გართულების გარეშე ჩაიარა, მალე ეკაც აიცრება. სექტემბერში ნატალიკო ბიჭს ელოდება და ძალზედ გახარებულები არიან.
ეკა მამალაძე: – ვაქცინას არანაირი რეაქცია არ მიუცია ნანისთვის. პანიკაშიც არ ყოფილა, არ უღელვია. მშვენივრად არის, მეც დავრეგისტრირდი და 4 მაისს “ფაიზერს” ვიკეთებ. ამას წინათ, დედას ერთმა ახლობელმა დაურეკა რაიონიდან, ვაქცინაზე სკეპტიკურად განწყობილმა და დედამ დატუქსა. აი, თქვენი მაგალითის შემდეგ ჩვენც აუცილებლად ავიცრებითო, უთხრა. ნანი ამბობს, მე ვინ ვარ, რომ მაგალითი მივცეო, მაგრამ ასეთ დროს მნიშვნელოვანია რომ მოუწოდოს. დედა თავმდაბალია და როცა აზრს ეკითხებიან, ცოტა უკვირს, თუმცა რა თქმა უნდა, სიამოვნებს.
ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა. ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. როგორ შეიძლება თავის შეკავება ან უარის თქმა, ნუ, რა არის? დღეს ერთადერთი შველაა აცრა. ვირუსი ჯობია თუ ვაქცინა? ყველა ჯერდება ამ აზრზე, რომ აცრა გარდაუვალი რამაა. მთელი ინგლისი აიცრა “ასტრაზენეკათი”. ორივე ვაქცინა გადასარევია. სხვა შანსი არ გვაქვს.
აი, ასე, ვართ კარგად და ბედნიერად, კარგ ხასიათზე. ნატალიკო ბიჭს ელოდება, ახლახან გავიგეთ სქესი. გადასარევი ორსულობა აქვს. და არა უშავს, რომ მეოთხე შვილიშვილიც ბიჭი მეყოლება?! მთავარია, ჯანმრთელი იყოს და ბედნიერები იყვნენ…























