
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში მოულოდნელი გამოჩენა „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს, კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ალასანიას მიერ „ნაცმოძრაობაში“ გარჩევების მოწყობას დაუკავშირა. მისი თქმით, ალასანია საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ პარტიაში სიტუაცია დაალაგოს.
რა კავშირი აქვს თემურ ალასანიას „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პოლიტიკურ პროცესებთან და თამაშობს თუ არა მისი სიტყვა პარტიაში გადამწყვეტ როლს, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საუბრობს.
როგორც გოცირიძე აცხადებს, ალასანიას მის პარტიასთან კავშირი არ გააჩნია. ამასთან, გოცირიძე განმარტავს, რა მიზანი აქვს სააკაშვილის ბიძის აქ ჩამოსვლას.
„არავითარი კავშირი თემურ ალასანიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ აქვს. ის ჩამოვიდა მისი დისშვილის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და განიცდის იმ პროცესებს, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.
მიიღებს თუ ის ჩვენს აქციაში მონაწილეობას, არ ვიცი, მაგრამ რომც მიიღოს, რა პრობლემაა? ახლა უნდათ, რომ მორიგი შეთქმულების თეორია ააგორონ, რომ ჩამოვიდა ალასანია და ახლა რევოლუციას მოაწყობს. ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის დასაშინებლად ხდება“,- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბიზნესმენი თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.
ამასთან, თემურ ალასანიას გავრცელებული ჩანაწერი უკავშირდება, რომელშიც, სავარაუდოდ, ის მიხეილ სააკაშვილთან საუბრის დროს, შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით და სავარაუდოდ, შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს.
ასევე ნახეთ:























