
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა.
ის 73 წლის კაცია, რომელსაც სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად ფეხებიც ამპუტირებული ჰქონდა.
აღმოჩნდა, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, მათთვის ინფიცირების წყარო უცნობია.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ გარდაცვლილის შვილთან, ნინო პავლიაშვილთან 14 აპრილს ჩაწერილ ფრაგმენტს:
მამა 9 აპრილს წავიყვანეთ და 11 აპრილს დაუდასტურდა, ამ დროს დედაჩემი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში სხვა დიაგნოზით მკურნალობდა, მას თავდაპირველად სწრაფი ტესტით ვირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ როდესაც მამაჩემს დაუდასტურდა, დედაჩემსაც ლუგარმა აუღო ტესტი და ისიც ინფიცირებული აღმოჩნდა, შემდეგ იყო ჩემი 9 წლის შვილი და 4 წლის შვილიშვილი.
დედა რეანიმაციაშია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მამასთან ერთად. დედა მართვით სუნთქვაზეა, მამა არა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა. მე ეხლა ჩემს პატარა 9 წლის გოგოსთან და 4 წლის შვილიშვილთან ერთად ვარ ინფექციურ საავადმყოფოში, მათაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. მე და ჩემს უფროს 24 წლის გოგოს კი კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა.
ინფიცირების წყარო ჩვენთვის ცნობილი არ არის, თავდაპირველად მე მქონდა სიცხეები, მაგრამ არ მქონდა ისეთი სიმპტომები, ეჭვი კორონავირუსზე რომ მიეტანათ. 25 მარტიდან დამეწყო სიცხე 27-ში გამოვიძახე სასწრაფო, მაგრამ მითხრეს მესამე დღე არის სიცხის და პოლიკნინიკაში იმკურნალეო, არ გაქვს ვირუსის მსგავსი სიმპტომებიო.
მოვითხოვე საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან არ მინდოდა სიცხიანს პოლიკნინიკაში მევლო, ბოჭორიშვილის კლინიკაში დარეკეს და უარი გვითხრეს ამ სიმპტომებით მიღებაზე, იმ დღესვე წავედი პოლიკნინიკაში, გამიკეთეს ანალიზები, სისხლში მქონდა ერითროციტები მომატებული და ექიმმა მითხრა მარილების ბრალი იქნებაო. იმ კვირაშივე რენტგენიც გავიკეთე, რადგან სიცხეები მქონდა, არაფერი არ აღმოჩნდა ფილტვებში. ახლა უკვე ჩამიტარეს ლუგარის ტესტი, მას შემდეგ, რაც მამაჩემს დაუდასტურდა. მოვიდა პასუხი, რომ მე და ჩემ უფროსს შვილს არ გვაქვს ვირუსი.
ჯერ დედა გადაიყვანეს საავადმყოფოში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში, 6 აპრილს სიცხე არ ჰქონდა. 9 აპრილს მამა წავიყვანეთ, ორივე მძიმე ავადმყოფია, ინსულინზე დამოკიდებული. მამას ჰქონდა სიცხე იმ დღეს, როცა წავიყვანეთ.
წინა დღეს, როცა დაეწყო ხველა, მივეცი წამლები და ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან, გულის უკმარისობა აქვს. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე დამძიმდა.
პირველი მამაჩემს დაუდასტურდა კორონავირუსი, გუშინ ოჯახის ექიმმა დამირეკა, შენ არ გექნებოდაო მეუბნებიან. ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მე ვიყავი ინფიცირების წყარო, მამაჩემი გარეთ არ გადიოდა, ფეხები არ აქვს. არ ვიცი, მოვითხოვე ეხლა რომ ანტისხეულებზე გამიკეთონ ანალიზი, რომ გავიგო საბოლოოდ მე გადავიტანე თუ არა კორონავირუსი.
თუ მე არ გადამიტანია მაშინ შეიძლება პატარა შვილი გამხდარიყო ინფიცირების წყარო, მე ვარაუდით ვამბობ.
სანამ მე სიცხე მექნებოდა, კიდევ უფრო ადრე, მამაჩემი იყო ცუდად და გამოვაკეთეთ, ანტიბიოტიკებს ვაძლევდი. ხველას რომ დააწყებინებს ხოლმე ფილტვები ურთულდება. მერე მომცა მე სიცხემ, როგორც გითხარით ტესტი არ გამიკეთეს, შემდეგ მამა ისევ ცუდად გახდა და კორონავირუსი პირველად მას დაუდასტურდა.
როცა იწყებოდა კრიზისი, დავდიოდი საბითუმოებში პროდუქტებს ვიმარაგებდი მაღაზიისთვის. მე 25 მარტს მომცა სიცხემ კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ არ იყო დაფიქსირებული არც ფულით გადადება. არ ვიცი ვისგან დაინფიცირდა ჩემი ოჯახი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც არ იცის, საიდან დავინფიცირდით“, – ჰყვებოდა გარდაცვლილის შვილი.






















