15:49 | 2020-11-09 ავტორი: თამარ გონგაძე

” ამ ეტაპზე სასირცხვილოდ დამარცხდნენ…” – მერაბ კოკოჩაშვილი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე

” ამ ეტაპზე სასირცხვილოდ დამარცხდნენ…” –  მერაბ კოკოჩაშვილი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე

მერაბ კოკოჩაშვილს მიაჩნია, რომ წუხელ ღამით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, პოლიციის მიერ გამოყენებული წყლის ჭავლი, აბსოლუტურად სწორი საქციელია. რეჟისორი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურა ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი პანდემიის დროსაც კი, თუკი ის ძალადობას დაინახავდა, მსგავსად მოიქცეოდა.

 

მერაბ კოკოჩაშვილი: – მე თავიდან ბოლომდე ვუყურე ყველაფერს. პირველ შემთხვევაში, ცესკოსთან, ღობის ჩამონგრევისა და შიგნით შევარდნის სურვილი იყო. მოანგრიეს და ზედ შედგნენ, რომ მოსულთათვის გზა გაეხსნათ. პოლიციამ აბსულურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაშალა ეს ქმედება.

 

მეორე შემთხვევაში ყველა ელოდა, რომ მსგავსი აგრესიის სურვილი აღარ გაგრძელდებოდა. თუმცა ღამის პირველ საათზე ისევ დაიწყო ღობის მონგრევა. თანაც სრულიად ნათლად ჩანდა, რომ ამას გარკვეული ხელმძღვანელობაც ჰქონდა, თუნდაც სიტყვიერი. მელიას მოქმედებები, ამ შემთხვევაში, სრულიად ნათელი იყო. ამას მოჰყვა სასირცხვო ამბავი. მთელი პოლიტიკური ძალა იმ ადგილიდან გავიდა და ისევ ხალხი მიუშვეს მონგრეული ღობისკენ.

 

მოვიდა შეიარაღებული დაცვა, განლაგდნენ და იცავდნენ ცესკოს. საბოლოო ჯამში, კი ვფიქრობ, ამას ოპოზიციის ლიდერების სასირცხვო გადაწყვეტილება მოჰყვა: შეშინებულები გამოვიდნენ და ხალხს უხმეს, რომ ახლა წავიდეთ და ხვალ საღამოს ექვს საათზე გავაგრძელოთ აქციაო.

 

მე იმის თქმაც მინდა, რომ მაშინ, როდესაც ადამიანებზე წყლის ჭავლი იყო მიშვებული, არც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელი იქ არ იმყოფებოდა. შემდეგ კი ლაპარაკობდნენ, არც ვიცით, მოანგრიეს თუ არ მოანგრიეს ღობე და ეს ჭავლი იყო თუ არა ლოგიკური დასასრული იმ წინააღმდეგობისა, რადგან არ გვინახავს, როდის ანგრევდნენ აქციის მონაწილენი ღობესო. ეს ძალადობა კი მთელმა საქართველომ ნახა.

 

– ბატონო მერაბ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, პანდემიის ასეთი გამძვინვარების დროს, ცივ ნოემბერში და თან გაუფრთხილებლად, ჭავლით მოქალაქეების გამეტება? ტელევიზიის ოპერატორს თვალი დაუზიანდა, დაზიანდა სატელევიზიო კამერები…

 

– ნუ იცავთ მათ. პირდაპირ გეუბნებით: როდესაც ძალადობით მიდის შედეგის მიღება, იმას კანონის შესაბამისად, აუცილებლად დაუპირისპირდება ის, ვისაც ქვეყნის დაცვა ევალება. ეს არის პოლიცია. ყველა შემთხვევეაში, ამას გააკეთებს ნებისმიერი სახელმწიფო და ხელისუფლება. ის, რაც გუშინ გააკეთეს, იყო აბსოლუტურად ლოგიკური, სწორი და კანონის შესაბამისი.

 

ვინ არის ცესკოთან, აქციაზე დაშავებული მომიტინგე, რომელმაც თვალის ტრავმა მიიღო
2020-11-09ვინ არის ცესკოთან, აქციაზე დაშავებული მომიტინგე, რომელმაც თვალის ტრავმა მიიღო

 

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაპირისპირება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საწინაღმდეგოა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ სიმართლე მსგავსი ძალისმიერი დაპირისპირებით იყოს მოპოვებული. სიმართლე კანონით უნდა გამოაჩინოს. კანონი კი გვეუბნება, რომ ყველაფერი ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი.

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, პარლამეტში ნებისმიერი ძალისთვის შესვლა არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფოს მართვა ინტელექტუალურად და ზნეობრივად უნდა ხდებოდეს და არა გარკვეული ძალისმიერი მოქმედებებით, რასაც ასეთივე საპირისპირო ძალისმიერი დაპირისპირება შეიძლება მოჰყვეს.

 

ჩვენ მარტო არ ვართ დედამიწაზე და ჩვენმა ასეთმა დაპირისპირებებმა, შესაძლოა იმ ძალებისთვის ხელსაყრელი პირობა შექმნას, რომლებიც უწყვეტად ფიქრობენ საქართველოს ხელში ჩაგდებას. ამას ჩვენი პოლიტიკა და განსაკუთრებით, ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომელიც გააზრებულზე მეტად, ემოციურად იქცევა.

 

მომიტინგეთა წყლის ჭავლით დაშლა ცესკოსთან: ყველა მხარე, ყველა პოზიცია - რას ამბობს ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი
2020-11-09მომიტინგეთა წყლის ჭავლით დაშლა ცესკოსთან: ყველა მხარე, ყველა პოზიცია - რას ამბობს ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი

 

რაც შეეხება მმართველ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით წყნარად და მშვიდად იქცევიან, გაცილებით უფრო აზრიანად უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი პრინციპები. ჩვენ ადამიანები ვართ და შეგვიძლია დიალოგი, საუბარი და ერთმანეთის მოსმენა, მერე კი ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღება.

 

ორივე მხარე უნდა შეუდგეს ამას. თუ ამას არ გააკეთებენ, ქვეყანას დაანგრევენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს გარკვეულ დაპირისპირებამდე მივიდეს საზოგადოებაში. ოპოზიციამ თითქოს ამის ნაბიჯი გადადგა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ღრმად და სასირცხვილოდ დამარცხდნენ: ვერც იმდენი ხალხი გამოიყვანეს, ვერც სააზროვნო კულტურა გამოამჟღავნეს.

 

თვით პოლიტიკა უკულტუროდ აქციეს როგორც ოპოზიციამ, ისე პოზიციის გარკვეულმა ნაწილმა. არ შეიძლება ურთიერთლანძღვით მივაღწიოთ რაიმეს. კულტურის დანერგვა ყველა სფეროში აბსოლუტურად აუცილებელია. განათლება და კულტურა, კი, ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანას აკლია.

ავტორი: თამარ გონგაძე

X