
ამ ორ კირჩხიბ ქალბატონს, ზოდიაქოს ნიშნის გარდა, აქვთ კიდევ ერთი საერთო: 9 ივლისს ორივე იუბილარია. ცნობილი ტელე-ჟურნალისტი ეკა ხოფერია 48 წლის გახდა, თუმცა როგორ მისი პოსტიდან ირკვევა, თავი ერთი წლით დიდი ეგონა.
“დღეს ჩემი დაბადების დღეა. ასე სამი დღის წინ დედასთან ვარ და მამაჩემს ვეკითხები, აბა რამდენის ვხდები-მეთქი. მე რა ვიცი, არ მახსოვსო.
– 49 წლის-მეთქი! დედამ და მარიკამ ერთ ხმაში, 49-ის კი არა, 48-ისო. გადავირიე. ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო, ალბათ)
რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე!” – წერს ხოფერია “ფეისბუქზე”.
ეკასგან განსხვავებით მაია ყარყარაშვილი ასაკს არ ამხელს. “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ შინაგანად მხოლოდ და მხოლოდ 25 წლის არის.
მაია ყარყარაშვილი: – ვცდილობ ამ დღეს ძალიან ხალისიანი ვიყო. წელს, განსხვავებული სიტუაციის გამო, არ აღვნიშნავ დაბადების დღეს. ისე კი, უზარმაზარ წვეულებებს ვიხდიდი ხოლმე.
კარგია, უნდა მოგვემატოს წლები. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ქალს ასაკს არ ეკითხებიან, როგორც გამოვიყურებით, იმდენი წლის ვართ. 25 წლის ზევით განწყობა არ მაქვს. ამ ასაკს, შინაგანად, ჯერჯერობით ვერ გავცდი (იცინის).
არ ვარ დეპრესიული, ხალისი, სიმღერა, დროსტარება მიყვარს. არ მიყვარს ჩემი პრობლემის სხვისთვის მოხვევა. სამაგიეროდ, როცა კარგად ვარ, მინდა ჩემთან ერთად ყველა კარგად იყოს.
თუ ცუდად ვარ, ვიკეტები ჩემთვის, კირჩხიბივით და ვცდილობ გამოვასწორო. სხვას ჩემს სიმძიმეს არ ვკიდებ. მოვაგვარებ თუ არა, მერე ვცდილობ გავაგრძელო ჩემი ცხოვრების გზა ჩვეულ, მხიარულ რიტმში.
























