
მხატვარი მალხაზ ტოტიკაშვილი, რომელიც ამჟამად, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, კალმით უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნახატები დახატულია არა საღებავით, არამედ უბრალო საწერი კალმით, ამგვარი რეალისტურობა, მართლაც დაუჯერებელია.
თავისუფალი მხატვარი საკუთარ ნამუშევრებში, ადამიანების ყოველდღიურ ხასიათს, სიტუაციებს და მოვლენებს აღწერს. მართლაც იშვიათია, ჩვეულებრივი კალმით, ასეთი ხარისხის და ტიპის ნახატების შექმნა.
ინტერვიუში, „პრაიმტაიმის“ რესპოდენტი აცხადებს, რომ მისი შემოქმედება, ძირითადად ილუსტრაციების და გრაფიკის მიმართულებას ეფუძნება:
დავიბადე თბილისში 1964 წლის 1 მაისს. ვსწავლობდი 161-ე საშუალო სკოლაში, სადაც ხის მხატვრულ შემოქმედებას და დამუშავებას, შესანიშნავი პედაგოგი საშა კალანდაძე გვასწავლიდა. მისი წყალობით, უამრავი მოსწავლე, ხელოვნების სფეროს დაეუფლა.
სკოლაში, წრეებიც კი ჰქონდა ჩამოყალიბებული. მახსოვს ხისგან ჩონგურებს ვაკეთებდით.
– რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?
ბავშვობიდან ვხატავდი, ერთ დღეს ხატვის მასწავლებელმა დაიბარა დედაჩემი და უთხრა, ამას რომ პატრონი ჰყავდეს, მხატვარი გამოვიდოდაო. პლეხანოვზე, სამხატვრო წრეზე მიმიყვანა დედამ, 11 წლის ასაკში დავიწყე ხატვის სწავლა.
სწორედ, ბ-ნი საშას მონდომებით (1979-83 წ.) ჩავაბარე ქ.თბილისის მ. თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, საიუველირო ნაწარმის და ჭედურობის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დავამთავრე.
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე – გამოყენებითი გრაფიკის სპეციალობით, რომელიც 1991 წელს, ასევე წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს, ასპირანტურაში ჩავირიცხე.

პედაგოგიურ ინსტიტუტში დავიწყე პედაგოგად მუშაობა და ამავე დროს, გამოფენებს ვაწყობდი. ასევე წყნეთის ბავშვთა სახლს ვეხმარებოდით, სადიპლომო ნამუშევრებში.
– პირველი გამოფენა…
პირველი გამოფენა 1991 წელს მქონდა, ფასიან გამოფენებში 2005 წლამდე ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მას მერე, აღარ მქონია.

– რა მიზეზით?
საქართველოში, საკმაოდ ძვირი ჯდება, გამოფენაში მონაწილეობის მიღება, ყველას არ აქვს შესაძლებლობა და გარანტია, რომ ნახატი აუცილებლად გაიყიდება. ჩემთვის სერიოზული თანხაა. ადრე რამდენიმე მხატვარი ვიკრიბებოდით და ფულს ვინაწილებდით. ძალიან რთული იყო, რადგან მცირე დროში, ვერ ვასწრებდით ნახატის გაყიდვას.
– რა მასალას იყენებთ ხატვის დროს?
ვხატავ აკვარელით, ტუშით, გუაშით, ზეთის საღებავით, აკრილით. ძირითადად, დამკვეთიდან გამომდინარე. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, უფრო ზეთის საღბავებით ვმუშაობდი.

გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი რედაქციაში – „პალიტრა“, სადაც ძირითადად აკვარელით და გუაშით ვხატავდი. ყველაზე მეტად, ჩემი გრაფიკული ნამუშევრები მომწონს, თბილისის პანორამაზე ვმუშაობდი, რომელიც თემატურადაც მომწონდა – მართლაც განუმეორებელი ხედები აქვს ჩვენ დედაქალაქს.
– ამ ეტაზე რას საქმიანობთ?
2005 წლიდან, ქვის ცეხში დიზაინერად ვმუშაობდი და ამის შემდეგ, დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. ამ ეტაპზე ქ. თბილისის ცენტრალურ (ყოფილი რკინიგზის) საავადმყოფოში ვმუშაობ, დაცვის უფროსად.

პედაგოგად, დიდი ხანია აღარ ვმუშაობ, ვის რაში სჭირდება. ვერ ვნახე ისეთი ადამიანები, ვისაც დღეს ხატვის სწავლა უნდა! უამრავი პორტრეტი მაქვს შექმნილი, როგორც კლინიკის თანამშრომლების, ასევე, ოჯახის წევრების, მაგრამ გაყიდვის მიზნით, არა.
– რატომ, გაყიდვის სურვილი არ გაქვთ?
რატომაც არა, მაგრამ დიდი ხანია, არ მყოლია დამკვეთი, ძირითადად ახლობლებზე ვმუშაობ.

– რამდენ ხანს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?
ამაზე პასუხის გაცემა, ძალიან რთულია. იმ სულისკვეთებას გააჩნია, რა სულისკვეთებითაც უდგები ნამუშევრის შექმნას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეგობარმა მთხოვა ახლობლის პორტრეტის დახატვა და ისეთი მონდომებით ვხატავდი, 2-3 საათში დავასრულე.

ზოგჯერ, მთელი დღე ვწვალობ. პორტრეტის შექმნის დროს, მთავარია იერის დაჭერა, დანარჩენი უკვე ტექნიკური მხარეა. თავისუფალ დროს, ძირითადად, კლინიკის თანამშრომლების პორტრეტებზე ვმუშაობ. ბევრი მეგობარი მყავს და მიხარია, როცა ვინმეს სიხარულს ვანიჭებ.

– რით არის გამორჩეული თქვენი ნახატები?
ყველა ჩემ ნამუშევარს, გარკვეულ ამბავს ვუძღვნი. სიურრეალისტური ნამუშევრებიც მაქვს. მაგალითად, ბოთლში ჩამჯდარი ჯინი. ეს ნახატიც ადამიანის სულს, შინაგან სამყაროს დავუკავშირე. ამის გამოტანა არის საჭირო, ის სულის სარკე უნდა იყოს, რასაც ქმნის ადამიანი.

– რატომ გადაწყვიტეთ კლინიკაში მუშაობა?
ჩემი არჩევანის მიზეზი იყო, რომ მხარში დავდგომოდი ადამიანებს. 13 წელია რაც ვმუშაობ და ბევრ რამეში გავერკვიე. ვცდილობ ადამიანებს, რითიც შემიძლია დავეხმარო. იმდენი ხანია ვმუშაობ, სამედიცინო ტერმინოლოგიასაც დავეუფლე.

ყველაზე მეტად მსიამოვნებს, თუ ვინმეს დავეხმარები. საავადმყოფოს და ეკლესიას ადამიანი ძირითადად, იმ დროს მიმართავს, როცა ძალიან უჭირს და ამ ადამიანების დახმარება, ყველაზე დიდ მადლად მიმაჩნია.

არა მარტო ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ყველა თანამშრომელს ვხატავ. ცნობილი ნეიროქირურგები მამა-შვილი გოგი და ედიშერ მაღალაშვილიც მყავს მყავს დახატული.

– პანდემიის გავლენა თქვენ შემოქმედებაზე…
შარშან მე და ჩემმა მეუღლემ, კოვიდი გადავიტანეთ და გარკვეული დრო, სახლში მომიწია ყოფნა. ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და სულ ვხატავდი. საკმაოდ ბევრი ნამუშევარი შევქმენი.

რამდენიმე ხნის წინ ავიცერი, ზოგი ცუდად ხდება, მაგრამ მე, ისეთ ენერგიაზე მომიყვანა, ექიმებს ვეკითხებოდი, რამე ენერგეტიკული ხომ არ გამიკეთეთ-მეთქი (იცინის).
– თქვენ ნამუშევრებში, როგორც რეალური, ასევე ირეალური სამყარო იკვეთება…
გეთანხმებით, სწორედ ეგ არის სიურრეალიზმი (ზერეალობა), ეს მიმდევრობა საფრანგეთში XX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო ხანებია, რაც მე მინდა, იმას ვაკეთებ, სიყვარულის, მეგობრობის თემაზე, ძირითადად პორტრეტებს ვხატავ. ყველა ადამიანს თავისებური ხედვა აქვს, რაც აბსტრაქციაში უკეთ ჩანს.

– სად ხედავთ საკუთარ თავს?
ილუსტრაციების გაფორმება მომწონს, ჩემ თავს ვხედავ, როგორც ილუსტრატორს. ნაწარმოებს რომ ვკითხულობ, ან ვინმეს მონათხრობს ვუსმენ, მიჩნდება სურვილი, ეს ყველაფერი სასურათე სიბრტყეზე გადავიტანო.

– რაზე გწყდებათ გული?
ძალიან მინდოდა, წიგნის ილუსტრაცია გამეკეთებინა და გული მწყდება, რომ „პალიტრადან“(ასაკობრივი ზღვარის გამო) გამათავისუფლეს. ჩემთვის ეს, ძალიან ტრაგიკული იყო.

ასაკთან ერთად, ჩემ ხასიათში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, უფრო გულჩვილი გავხდი. ძალიან აგრესიული ვიყავი. წლების მატებასთან ერთად, უფრო სტაბილური გავხდი.
– რა განსხვავებას ხედავთ, ძველ და ახალ თაობას შორის?
ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, ძალიან ენერგიული და მონდომებულები არიან. ისეთი ექიმების გვერდით მიწევს მუშაობა, რომელთაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ, მიხარია მათ გვერდზე მუშაობა. ძალიან ვბრაზდები, ზოგჯერ, ექიმებს რომ ლანძღავენ. ექიმი ხომ ღმერთი არ არის! განვიცდი მათ მიმართ, ნეგატიურ დამოკიდებულებას.

კლინიკაში, სადაც ვმუშაობ, კოვიდ ცენტრია. უამრავი პაციენტია და ხშირად ვერ იღებენ ავადმყოფს, რაც პაციენტების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს, რა ქნან ექიმებმა?
არიან ახალგაზრდები, რომლებიც 2-3 საავადმყოფოში მუშაობენ.
– მოგვიყევით თქვენ ოჯახზე…
მყავს მეუღლე, ეთერ გოგიაშვილი, რომელიც პროფესიით, ასევე მხატვარია. ძალიან შემოქმედი ადამიანია, უყვარს ბისერებით სამკაულების კეთება, უსაქმოდ არ ჩერდება. კარგი დიზაინერია, ზოგჯერ არ ვუჯერებ-ხოლმე, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ბევრ საკითხში მართალია.

სამი შვილი გვყავს, 2 ბიჭი და ერთი გოგო – ზურაბი, დავითი, ნათია და სამი შვილიშვილი – ნიცა, ნიტა და ანასტასია. უფროსი ვაჟი ზურა, მხატვარია. ბავშვობიდან ხატავდა, მეც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მხატვარი გამოსულიყო. სულ მხარში ვედექი.

შეუპოვარია ძალიან, ცხოვრებაშიც ასეთია, ძალიან მიზანსწრაფულია, არ ნებდება. ბოლო ხანებში, უფრო მეტად პროფესიონალი გახდა. ა.წ. 25 ოქტომბერს, თელავის კულტურის ცენტრში, მესამე პერსონალური გამოფენა ჰქონდა:

ბევრს მუშაობს, ჩემზე ბევრად ძლიერი მხატვარია, რადგან დედისგანაც აქვს ეს ნიჭი. ძალიან დახვეწა ნამუშევრები. ადრე სულ საშინელებათა ჟანრის ნახატებს ქმნიდა, სულ ვეუბნებოდი, დახვეწე, უფრო მეტი სიკეთე გააღვიძე-მეთქი.
ძალიან შეიცვალა, ოჯახი შექმნა, ორი შვილი შეეძინა და მისი შემოქმედებაც, უფრო სათუთი გახადა. სულ ახლის ძიებაშია. ვატყობ, რომ ძალიან შეცვლილია, ვფიქრობ, რომ იპოვის იმას, რასაც ეძებს. ახლახან დაასრულა ერეკლე მეორის პორტრეტი

ტექნიკური მხარეც ძალიან დახვეწა, მის ბოლო ნამუშევრებში, ფერთა გამა საოცრად შეიმჩნევა, რაც გამოკვეთილი აქვს ჩემ მეუღლეს. მე უფრო გრაფიკოსი ვარ და ამიტომ კარგი შეზავება გამოვიდა. მის ნამუშევრებში, უკვე შეიმჩნევა მისი ხასიათის ცვალებადობა, გაბრწყინებული და ბედნიერია.

მე და ჩემი მეუღლე, გაცნობისთანავე შევეწყვეთ, ერთმანეთის გამზიარებლები ვიყავით. სანამ შევუღლდებოდით, 29 დღე ვიცნობდით ერთმანეთს.
– ასეთ მოკლე დროში მიიღეთ გადაწყვეტილება?
ძირითადად, დედამისმა დააჩქარა მოვლენები. მითხრა, თუ ჩემ ქალიშვილს თავს არ დაანენებ, თელავში წავიყვან საცხოვრებლადო. ბიოლოგიური დედა არ იყო, რუსეთის ბავშვთა სახლიდან გამოიყვანა, იმ მიზეზით, რომ გავზარდო ვინმემ არ მოძებნოს და წამართვასო.
რამდენიმე წლის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით, საკუთარი და-ძმა მოძებნა. თელავში პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა, მე იმ დროს თბილისში ვმუშაობდი პედაგოგად. ერთად ვსწავლობდით და იქ შევხვდით ერთმანეთს.

მე რასაც ვხედავ, იმას ვხატავ, ჩემი მეუღლე კი, ფერთა გამას, ძალიან კარგად აღიქვამს, შეუძლია უამრავ ფერებში დაინახოს, რაც მე ნაკლებად მაქვს. შესანიშნავ ნატურმორტებს ხატავს.
– რას ურჩევდით ახალ თაობას?
რაც შეიძლება წესიერი, ადამიანური საქმეები აკეთონ, ჩემ შვილებსაც იგივეს ვურჩევდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავმდაბლობა და შემართება უნდა ისწავლონ. კლინიკაში ახალგაზრდა ექიმებს რომ ვუყურებ, მიხარია. 24 საათის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ. მართალია ბევრი ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, მაგრამ რა ქნან მეტი.

საყვედურის თქმა, უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე მადლობის გადახდა. ჩემი რჩევა იქნება, ყველამ თავის შინაგან სამყაროში ჩაიხედოს, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რაც მეტ სიკეთეს გააკეთებ, მეტი დაგიბრუნდება.
ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაც კარგ საქმეს ვაკეთებდი, მუდამ სიკეთით მიბრუნდებოდა. ბევრჯერ გადამარჩინა უფალმა, სულ ვგრძნობ მის ძალას და მადლს. „სთხოვე და მოგეცემაო“, ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ მხოლოდ სიტყვიერად უნდა სთხოვო. სამაგიეროს ნუ დაელოდები – ცხოვრება დაგიბრუნებთ სიკეთეს!

რაც კლინიკაში დავიწყე მუშაობა, ისეთებს ვუყურებ მივხვდი, რომ ადამიანისთვის მთავარი ჯანმრთელობაა. წელის ტკივილები მქონდა და მას მერე, რაც ავიცერი, საერთოდ გამიქრა. ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა.
– რა არის თქვენთვის ბედნიერება?
ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ, თუნდაც ჩემი ოჯახის პორტრეტებს, თითოეულ ნამუშევარში, მთელ ჩემ სულისკვეთებას ვდებ. როცა ვინმეს ბედნიერებას ვანიჭებ, მეც მიხარია და უფრო მეტ სიყვარულს ვაქსოვ ჩემ ნახატებში.

კლინიკის თანამშრომლები ხშირად მეუბნებიან, ყველა დახატე და მე არაო. მინდა რომ ხასიათი, იერი დავიჭირო და მერე დავხატო. მიხარია, სიხარულის ხატვა, მინდა, რომ ყველა ადამიანმა, სიცოცხლეზე იფიქროს!
























