
მხატვარ-დიზაინერმა მარინა ნაცვლიშვილმა მცხეთაში, საკუთარი სახლის ეზოში სამკაულების გამოფენა მოაწყო. ათი წელია რაც საიუველირო საქმეს დაეუფლა. იუველირს უკვე თავისი ხელწერაც აქვს და მის ულამაზეს სამკაულს მაშინვე გამოიცნობთ.

მარინა დუტა სხირტლაძის ცოლია. ცოლის ხელოვნებით ქმარიც აღფრთოვანებულია, გვერდით უდგას და ეხმარება კიდეც.
მცხეთის აგარაკზე მსახიობმა პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული ბევრი რამ გააკეთა, ბოსტნიდან დაწყებული – რკინის ფანჩატურით დამთავრებული.
სამკაულების გამოფენაზე, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუმრების დიდი ნაწილი ვერ მივიდა.

მარინა ნაცვლიშვილი: – 50-მდე მესიჯი მივიღე, ბოდიში, ვერ მოვდივარო. ვთვლი, რომ მაინც კარგი იყო, გამოფენა შედგა. კმაყოფილი ვარ.
ამ სახლში ყველაფერი ჩემი და დუტას ხელით არის გაკეთებული. ჰენდმეიდ სახლი გვაქვს-მეთქი, ვხუმრობთ. ჩემს მიერ შექმნილ გარემოში ჩემი გაკეთებული სამკაულების გამოფენა, უინტერესო არ უნდა ყოფილიყო.

პანდემია სამკაულებზე მუშაობამ გადამატანინა. 30-მდე სამკაული დავამზადე. სახლში ყოფნა მიყვარს. ჩემთვის მძიმე არ იყო იმ პერიოდში სახლში ყოფნა. ჩემი სამყარო მაქვს მოწყობილი და იქ თავს კარგად ვგრძნობ. მოქმედებდა ის, რომ მეგობრებს ვერ ვნახულობდი, ჩაკეტილები ვიყავით. ახლაც ვცდილობ, რომ არ ვიფიქრო ამ არა სასურველ სიტუაციაზე.

მარინა თავის აქსესუარებში ბუნებრივ ქვებს იყენებს, უყვარს ლაბრადორიტის გამოყენება. მეტწილად, დომინანტი ქვების ფერები მწვანე და ლურჯია. ორ ხელოსანთან ერთად მუშაობს ვერცხლზე და ოქროთი დაფერილ ვერცხლზე.
მარინა: – ჩემი სამკაულის გარეშე გარეთ ვერ გავდივარ. თუმცა მხოლოდ ბეჭედი და ბროში მაქვს. ძირითადად, არ მაქვს საკუთარი სამკაული. როდესაც გამოფენისთვის ვაგროვებ სამკაულებს, მიხარია და ხან ერთს ვიკეთებ, ხან – მეორეს…


დუტა მეგობრებს, “ფეისბუქით”, პერიოდულად, უზიარებს მცხეთის ეზოში “დატრიალებულ ამბებს”. ხან მოვლილი ბოსტნით მოიწონა თავი, ხან აღებული მოსავლით, ხანაც ხელნაკეთი ნივთებით, ხეში იქნებოდა თუ რკინაში… მსახიობი შემოქმედებით შრომაშია. ადრიან გაზაფხულზე ჩავიდა მცხეთაში, მაისში კი ოჯახი შეუერთდა.
მარინა: – პანდემიის დროს მცხეთის სახლში გადმოვიდა და განდეგილად მარტო შრომობდა. ბოსტანი დამახვედრა. ეზო გასუფთავებული ჰქონდა. ჭიშკარი გამოცვალა. მთელი ზაფხული იშრომა. თან ვარჯიშია, თან სიამოვნებასაც იღებს ამ ყველაფრის კეთებით.

დაბადების დღეზე სისულელე არ მაჩუქო, რაც მინდა, ის მიყიდეო, განაცხადა. რა გინდა-მეთქი, ვკითხე. “სვარკის” აპარატიო. მე და ჩემმა მეგობარმა ვუყიდეთ და ფანჩატური აგვიწყო. გამოუვიდა და მე მგონი, თვითონაც გაოცებულია.
გამოფენისთვის ვიტრინები დუტამ გამიკეთა. გამოვიდა, რომ ეს ჩვენი ერთობლივი გამოფენა იყო.

ეს სახლი ძალიან მიყვარს. ერთი ბაბუის დაპროექტებული და მეორის აშენებულია. სულ სუფრები, სიმღერები და სტუმრიანობა იყო აქ. ბავშვობის მეგობრები სულ აქ მოდიოდნენ. ამიტომ აქაურობას ჩემთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს. ახლაც აქ ვართ და ყოველ დღე ამინდს ვუყურებთ, რომ დიდხანს ვიყოთ. მიჭირს აქედან თბილისში დაბრუნება.
























