
19 სექტემბერს სოცილურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სამი შვილის დედაზე, რომელიც ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩა. პოსტის მიხედვით, ქმარი და მისი ოჯახი მატერიალურად სრულიად უზრუნველყოფილები არიან, თუმცა, ცოლს არც მატერიალურად და არც მორალურად გვერდით არ უდგანან.
„პრაიმტაიმი“ აღნიშნული თემით დაინტერესდა და ვ. ლ-ს ესაუბრა. (სახელსა და გვარს მისივე სურვილით არ ვასახელებთ)
როგორც გაირკვა, მას კონფლიქტი – კონკრეტულად კი ქონებრივი დავა ჰქონდა მულთან. ამ უკანასკნელის იურისტი კი კონფლიქტს გამორიცხავს და ყველა გაჟღერებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. რადგან ქონება ოჯახის სხვა წევრზე, დედამთლიზეა რეგისტრირებული.
რა მოხდა 19 სექტემბრის საღამოს:
ვ. ლ. წყალტუბოში, 83 წლის ბებიასთან იყო წასული,სადაც იურისიული საკითზების მოსაგვარებლად იმყოფებოდა. დაბრუნებულს მეუღლის სახლის კარი ჩაკეტილი და საკეტშეცვლილი დახვდა. როგორც თავად ამბობს, წვიმაში 2 მცირეწლოვანთან ერთად მოუწია დგომა, საღამოს 11 საათზე კი სახლში შესვლა ძლივს მოახერხა (2 შვილი დედასთან, ხოლო მესამე ვაჟი მამასთან და მამიდის ოჯახში ცხოვრობს. იმ სახლის მოპირდაპირედ, სადაც ვ. ლ. ვერ ახერხებდა შესვლას.)
„დასავლეთში 2 წლის უმცროს შვილთან ერთად წავედი. წასვლამდე ვიცოდი, რომ სახლში შესვლას ვეღარ შევძლებდი. გოგონა მამას დავუტოვე, რადგან სწავლა დაიწყო. მეორე სართულის აივანზე კარი ისეთ მდგომარეობაში დავტოვე, რომ შემდეგ მარტივად გამეღო. ვიფიქრე, თუ დამჭირდებოდა, სახლში ასე შევაღწევდი. ჩამოვედი და საკეტები შეცვლილი დამხვდა. ვერც ერთი კარი რომ ვერ გავაღე, მულს დავურეკე და ვთხოვე, რომ გაეღოთ, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე, – გასაღები არ გვაქვსო.
ბოლოს, პოლიცია გამოვიძახე. დიდხანს ველოდე. მოლაპარაკებები საღამოს 11 საათამდე მიმდინარეობდა. ეზოში ბავშვებთან ერთად ვიყავი, აცივდა, გაწვიმდა, მეზობელმა საჭმელი გამოგვიტანა, პლედები. საბოლოოდ, ავძვერი აივანზე, კარი შევაღე. არაფერი დამიზიანებია, ასე შევედით სახლში“, – იხსენებს ვ. ლ.
ამ ინციდენტს წინ დიდი ისტორია უძღვის, რომელსაც ვ. ლ. წვრილად გვიყვება. ამბობს, რომ ყველაფრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ხელთ აქვს. ასევე ამბობს, რომ მისგან ფსიქოლოგიურ წნეხს განცდიდა, რაც დღემდე გრძელდება და მისივე მტკიცებით, ირიბად აისახება ბავშვებზე.
„სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, თავდაპირველად მულზე იყო გაფორმებული, შემდეგ კი დედამთილზე. მულის სახლი ჩვენი სახლის მოპირდაპირედ მდებარეობს, ამჯერად იქ ცხოვრობს ჩემი 8 წლის შვილი და ჩემი მეუღლე, რომელთანაც 9-წლიანი თანაცხოვრება განქორწინებით დავასრულე. 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ბავშვების გამო კვლავ დავქორწინდით.
ამ 9 წლის მანძილზე ჩემი მული ჩვენს პირად ცხოვრებაში ერეოდა. გაუთავებელი კონფლიქტი გვქონდა და ამაში მთელი ოჯახი ჩაერთო. 9 წლის შემდეგ ბავშვებთან ერთად ცალკე ბინაში გადავედი. საბურთალოზე ეს საცხოვრებელი ჩემს სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა, ახლობლისაა, ეს ყველამ იცის, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და გაყიდვას აპირებს. ამჟამად, წასასვლელი არსად მაქვს. იძულებით გადაადგილებული პირი ვარ, აფხაზეთიდან დევნილი.
ამ სახლში ცხოვრების პერიოდში ჩემი მეუღლე მოვიდა და ფიზიკურად გამისწორდა, ხელი დამარტყა და ახლა საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული.
ჩემს 8 წლის ბავშვს ფსიქოლოგიური წნეხის გამო ვიტილიგო დაემართა, ვერაფრით შეეგუა მშობლების დაშორების ფაქტს. ამიტომ, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლაც ვერ შევუცვალეთ.
ჩემს ბიჭს, ბაბუს მოსახელეს, იქაურობის ბატონ-ბატრონად ზრდიდნენ, იქ დარჩა, არ წამომყოლია. მე საბურთალოზე ვცხოვრობდი, სკოლა დიღომში იყო, ხშირად ვერ ვახერხებდი შვილის ნახვას, ჩემთან შაბათ-კვირას მოდიოდა. ბავშვი ნერვიულობდა და მთხოვდა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. მანამდე, მეუღლესთვის ნათქვამი მქონდა, რომ შვილებს გავფრთხილებოდით და ყველაფერი ცივილური და უმტკივნეულო ყოფილიყო. შემდეგ ყველაფერი ისე დაიძაბა, რომ ხან ჰქონდა ჩემს შვილს ნახვის სურვილი, ხან – არა. ერთხელაც გამოაცხადა, რომ ჩემთან არც შაბათ-კვირას სურდა მოსვლა.
ბავშვების მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, დათმობაზე წავედი. 1 წლის შემდეგ ხელი ისევ მოვაწერეთ, ოღონდ ვუთხარი, რომ მშობლებთან ერთად არ გვეცხოვრა და ცალკე გადავსულიყავით, რაზეც ის წინააღმდეგი იყო. მეუღლემ ისევ იმ სახლში მიმიყვანა სადაც მის მშობლებთან ერთად ვცხოვრბდით ადრე, რასაც ისევ კონფლიქტი მოჰყვა მულის მხრიდან. ჩემი ქმარი თავის დასთან ცხოვრობს თავისი დის კატეგორიული მოთხოვნით.
მიმტკიცებენ, რომ ამ სახლში ცხოვრების უფლება არ მაქვს. თუმცა, სრული იურიდიული უფლება მაქვს. თუმცა, ლეგალურად, ვინაიდან ამ სახლში ჩაწერილი ვარ და ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფები, სრული ლეგალური უფლება გამაჩნია ჩემს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ვცხოვრობდე აღნიშნულ მისამართზე.
მიუხედავად ამისა, მულმა 24 ივნისს, როცა მეუღლემ საცხოვრებლად სახლში 14 ივნისს გადმომიყვანა, პოლიცია გამოიძახა და მოითხოვა ჩემი სახლიდან გაძევება, რაზეც მიიღო განმარტება აღსრულების ოქმის სახით, რომ არ ჰქონდა ჩემი სახლიდან გაძევების უფლება და მიემართა სასამართლოსთვის. თუმცა, ამის შემდეგ მან მიმართა იუსტიციის სამინისტროს წერილით, რომ არ ვცხოვრობდი აღნიშნულ მისამართზე და ჩემი ამ მისამართიდან მოხსნა მოითხოვა. პარალელურად, სასამართლოში შეიტანა სარჩელი და დააფიქსირა, რომ აღნიშნულ მისამართზე ვცხოვრობდით.
შესაგებებელი დაწერილია, მოსამართლის გადაწყვეტილება არ არსებობს ჩემი აქედან გასახლების შესახებ, მაქვს უფლება, შვილებთან ერთად ვიცხოვრო, ჩაწერილებიც ვართ დედამთლილის სურვილით ვართ. ჩემს მეუღლესთან ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფები. ჩემი გაგდების უფლება აქედან არავის აქვს. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა, ბავშვების ადგილსამყოფელი განსაზღვრული ჯერ არ არის. მე არ ვაპირებ ჩემი შვილების დატოვებას და ამ ეტაპზე არც წასასვლელი მაქვს და ვერც მათ გარეშე წავალ.
საკუთარ თავმოყვარეობაზე და ყველაფერზე უარი მაქვს ნათქვამი, ოღონდ ჩემი შვილები არ დაიჩაგრონ. ამ სახლის აივნიდან ყველაფერი ჩანს, ჩემს შვილს ყოველდღე ვხედავ. ყველაზე რთულ მომენტში ვიხსენებდი ხოლმე, რომ ჩემმა დიდმა ბებიამ მარტომ, ობლობაში გაზარდა შვილები, ბოლომდე ვეცადე რომ ამ ბავშვებს სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ. ნურავის განეცადოს ის, რას ნიშნავს სამი შვილის დედა რომ ხარ, განათლებაც გაქვს, სამსახურიც, პროფესიაც და სამსახურში ვერ გადიხარ, ვერ მუშაობ“, – ამბობს ვ. ლ. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ბუნებრივია, აღნიშნული ფაქტების გადამოწმება საპასუხო მხარესთან ვცადეთ. თ.ხ.-მა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და მის იურისტთან გადაგვამისამართა.
ნონა ბენიძე ამბობს, რომ ვ. ლ. პრობლემები სასამართლოს გზითა და სოციალური მომსახურების სააგენტოების მეშვეობით უნდა მოაგვაროს, ასევე შვილთან უნდა ეცადოს ურთიერთობის დალაგებას.
მისივე თქმით, ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვებს საუკეთესო საცხოვრებელი პირობები და განათლება ჰქონდეთ, ამისთვის კი მამის მხარე ყველანაირ პირობებს უქმნის.
„ბავშვები მულმა ქუჩაში როგორ უნდა დატოვოს? რა უფლება აქვს, გაუყიდა სახლი თუ რა გაუკეთა? გუშინ სხვის სახლში, სხვის საკუთრებაში ცდილობდა უნებართვოდ შეჭრას. ქალბატონმა ვ.-მ თავისი ნება-სურვილით გადაწყვიტა, რომ შესულიყო ყოფილი დედამთილის სახლში და იქ ეცხოვრა. მამამისთან როცა წავიდა, მეორე შვილიც მულს რატომ დაუტოვა? სამი შვილი მას ფურცელზე უწერია“, – ამბობს ნ.ე.
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:






















