17:29 | 2021-09-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ სილამაზეს ვერ ველევი, საოცრებაა. აქამდე იმიტომ ვიცხოვრე, რომ ეს ჯილდო მიმეღო” – რა ორდენი გადასცეს ნანი ბრეგვაძეს

“ამ სილამაზეს ვერ ველევი, საოცრებაა. აქამდე იმიტომ ვიცხოვრე, რომ ეს ჯილდო მიმეღო” – რა ორდენი გადასცეს  ნანი ბრეგვაძეს

26 სექტემბერს, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, ნუგზარ ბატონიშვილმა და სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ანნამ, ქართულ კულტურაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისთვის და მსოფლიოში ქართული საშემსრულებლო ხელოვნების წარმოჩინებისთვის, წმინდა ქეთევან დედოფლის სამეფო ორდენით, ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე დააჯილდოვეს. დაჯილდოვება თბილისის ისტორიულ სასახლეში ჩატარდა.

 

ლეგენდარული მომღერალი ჯილდომ ისე აღაფრთოვანა, რომ სიამაყით ყველას აჩვენებს მას.

 

ნანი ბრეგვაძე: – გაკვირვებული ვარ ფაქტით. ეს ორდენი ჩემს ცხოვრებაში უკვე დიდ ადგილს იკავებს.

 

არც ვფიქრობ იმაზე, რომ მე უნდა დამაჯილდოვონ. მაგრამ დღემდე რომ მაჯილდოვებენ, დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს.

 

საოცარო ორდენია. მიდევს სახლში და ვინც კი მოდის, ყველას ვაჩვენებ. ამ სილამაზეს ვერ ველევი, სულ ვუყურებ. სხვა ორდენებიც მაქვს, მაგრამ იმათთან შედარებით, ეს საოცრებაა. დიდებული რამაა.

 

ანნა და ნუგზარ ბატონიშვილები ნანი ბრეგვაძის დაჯილდოებისას

 

მერე ქეთევან წამებულის როლი რამხელაა ჩვენს ისტორიაში. მსოფლიოს ისტორიაშიც არ მოიძებნება, ალბათ, დედოფალი, რომელმაც თავი ქვეყანას და სარწმუნოებას შესწირა. რამხელა სიღრმეა ამაში. ასეთ ორდენს რომ გადმოგცემენ, შეიძლება გაგიჟდეს კაცი.

 

ნუგზარ ბატონიშვილი შესანიშნავი პიროვნებაა. მიყვარს. მისი მადლიერი ვარ, რომ გავახსენდი და დამაჯილდოვა. ამ ორდენმა ყველაფერს გადააჭარბა.

 

სასახლეში ვიწრო წრე იყო და მესიამოვნა, რომ დაჯილდოება პომპეზური არ იყო. ამ დროს არ ვიცი, რა გავაკეთო, მრცხვენია ხოლმე. ეს ჩემი ბუნებაა, მორცხვი ვარ.

 

ყველაზე ბედნიერება ისაა, რომ ასე ფასდები. ჩემთვის დიდი სიმდიდრეა.

 

თავს უბედნიერეს ქალად ვთვლი. აქამდე ვიცხოვრე იმიტომ, რომ მე ეს ჯილდო მიმეღო.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X