
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
„მეგობრებო, ამ ცირკის ამოცანაა, მთავარი დავივიწყოთ“,- წერს სოციალურ ქსელში, თამარ ჩერგოლეიშვილი.
„მთავარი კი ისაა, რომ ხვალ არჩევნებია და თუ გვინდა რომ არანორმალურები თავიდან ავიცილოთ, მივდივართ არჩევნებზე და ვხაზავთ დემოკრატიულ პარტიებს.
ეს არ არის ბრძოლა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ეს არის ბრძოლა პოპულისტებსა და დემოკრატებს შორის. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი პოპულისტი და ავტორიტარი ურჩხულის ორი თავია. ამიტომ, ცივილიზებული პასუხი ამ ყველაფერზე არის არჩევნებზე წასვლა და არჩევანის გაკეთება.
2012 წელს, ადამიანებს, რომლებსაც ცვლილება სურდათ, ივანიშვილის გარდა ალტერნატივა არ ჰქონიათ.ამიტომ ვართ დღეს იქ, სადაც ვართ – ძალაუფლების ტოტალურმა კონტროლმა ასე იცის. 2012 წლიდან დღემდე, შევძელით, რომ სისტემა შევცვალეთ და 2021 წელს არჩევანი გაცილებით მრავალფეროვანია.ამ მრავალფეროვნებით ავიცილებთ თავიდან ეგომანიაკებს.
პროპორციული სისტემა ეგომანიაკების საწამლავია – ამიტომ ამოხტა სააკაშვილი ტყავიდან, ამიტომ გვიძახა მოსყიდულები მათ, ვინც პროპორციულ სისტემას ვითხოვდით.
მაგრამ პროპორციულმა სისტემამ რომ იმუშავოს, ამომრჩეველია საჭირო. ამომრჩეველი უნდა მიხვდეს, რომ არჩევანი მრავალფეროვანია და დიდი პარტია, სხვებით დააბალანსოს.
ამომრჩევლის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული ამ ქვეყანაში რა მოხდება და არა სიაბანდებზე“,- წერს ჩერგოლეიშვილი.
ასევე ნახეთ:
























