15:36 | 2021-11-17 ავტორი: Prime Time

ამ წლიდან სახელმწიფო დახმარება იზრდება – ნახეთ, ვინ ისარგებლებს ფულადი დახმარებით

ამ წლიდან სახელმწიფო დახმარება იზრდება – ნახეთ, ვინ ისარგებლებს ფულადი დახმარებით

შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური ფულადი გასაცემელი იზრდება – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისივე ცნობით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება.

 

“საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შშმ პირთა მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა:

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება;

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა 12 მილიონი ლარით იზრდება, რაც ამ პროგრამის ზრდის ისტორიული მაქსიმუმია და 52,1 მლნ ლარს შეადგენს.

 

ეს თანხა მოხმარდება: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, სათემო და საოჯახო ტიპის სერვისების გაძლიერებას, შშმ პირთათვის სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს და, რაც მთავარია, რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში არსებულ მომლოდინეთა სიებს სრულად აღმოფხვრის .

აქვე, აღვნიშნავ, პროგრამის ბიუჯეტის დინამიკას, რომელიც შშმ პირთათვის ძირითად სახელმწიფო სერვისებს აერთიანებს:

– 2012: 16 მილიონი ლარი;

– 2016: 22,850,000 ლარი;

– 2021: 40 მილიონი ლარი;

– 2022: 52,1 მილიონი ლარი.

 

ცხადია, ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის და ვაგრძელებთ მუშაობას მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა სოციალური პაკეტის გაზრდისა და სხვა, ახალი პროგრამების დანერგვისათვის”,.- განმარტავს  დეპუტატი.

ავტორი: Prime Time

X