
ოლიმპიური ოქროს მოპოვებისა და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ ლაშა ტალახაძის ოჯახი „რუსთავი 2“-თან პირველ კომენტარს აკეთებს. ამბობენ, რომ ლაშასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობა იყო და +15 კგ-თი მეტიც შეეძლო, რომ დაეფიქსირებინა.
„ძალიან ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა და იყო კიდეც სანერვიულო. ეს ლაშას ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობაა. მოგეხსენებათ, მთელი 1 წლის განმავლობაში ლოდინის რეჟიმში იყო, ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო. არც იცოდნენ, ჩატარდებოდა თუ არა, ძალიან ამაყი ვარ“, – ამბობს ლაშას დედა, ჟანა თოდაძე.
„ამაზე მეტი ბედნიერება არ შეიძლება იყოს ქვეყანაზე. შენი შვილი ამხელა რეკორდებს ამყარებს, ამხელა ასპარეზზე გამოდის, პირველი კაცია, წარმატებულია და დღევანდელ დღეს ამაყი კი არა, ამაყზე ამაყი მამა ვარ“, – განაცხადა კობა ტალახაძემ.
„წინ ჩემო გმირო“ – ასე ამხნევებდა ასპარეზობამდე რამდენიმე საათით ადრე ლაშა ტალახაძეს მეუღლე, ანი დემურია.
„პირველ რიგში დიდი მადლობა, ძალიან საამაყო ადამიანია. ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭა და ძალიან მიყვარს. ამაყი ვარ და ამას დიდი ნერვიულობა ერთვის თან, თუმცა ყველაფერი ეს, ამად ღირს“, – თქვა ანი დემურიამ.






















