
4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. როგორც ირკვევა გარდაცვლილი დავით კრავეიშვილია.
ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მოზარდებს შორის გოგოს გამო დაიწყო. მიყენებული დაზიანების შედეგად დავითი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დავითი და დედამისი გორიდან იყვნენ ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ: „სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს“ – მეგობრები სანზონაში მოკლულ მოზარდს ემშვიდობებიან
სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება დავითის ფოტოები. დათოს მეგობრები, მასწავლებლები და ახლობლები ემშვიდობებიან.
ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებიც დავითის მეგობრები იყვნენ, მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
„კიდევ ერთი დათუნა! კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი! ამჯერად სანზონელი, სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!
ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს… დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი ყველა ერთად უნდა ვიტიროთ!
გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო? შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ! ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ-სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ! მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ! გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ.
სად ხართ, მამებო? ძვირფასო დედებო! მასწავლებლებო! მოძღვრებო! ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო!
გაწყდა ახალგაზრდობა! უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა. დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს. ამას გათენება აღარ ჰქვია. ასე არ გათენდება.“,- წერს ერთ-ერთი მასწავლებებელი სოციალურ ქსელში.






















