13:32 | 2021-12-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამას მის ცხოვრებაში რატომ ვერ ვხვდებოდი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ…” – რას ნანობს ხათუნა ჟორდანია

“ამას მის ცხოვრებაში რატომ ვერ ვხვდებოდი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ…”  – რას ნანობს ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიასთვის ეს წელი განსაკუთრებულად ჩაითვლებოდა, რომ არა, დედისა და მეგობრის შვილის გარდაცვალება. ის წელს მძიმე სენისგან განიკურნა.

 

თურქეთის აჯიბადემის კლინიკიდან გამოსულმა რომ გაბრწყინებული თვალებით გვამცნო, კიბო დავამარცხეო, ყველას გვახსოვს და გვახარებს.

 

ბედნიერია, რომ სიცოცხლეს ჯანმრთელი აგრძელებს, თუმცა შვილობილისა და დედის წასვლით გამოწვეული ტკივილი არ აძლევს ამის ბოლომდე განცდის საშუალებას…

 

“პრაიმტაიმის” მეშვეობით კი ყველას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის და ჯანმრთელობას უსურვებს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც მძიმე სენს ებრძვის…

 

 

ხათუნა ჟორდანია: – ჩემი გამოჯანმრთელების წელი იყო და შესაბამისად, კარგი წელი იყო. თუმცა ტრაგედიების გამო სრულად ვერ ჩავთვლი, რომ ბედნიერი ვარ.

 

აპრილში დედა გარდამეცვალა, აგვისტოში კი – შვილობილი, ლადო ზეინკლიშვილი, მაია ყიფიანის შვილი. ლადო დავკრძალეთ და მეორე დღეს ექიმთან ვიყავი შესამოწმებლად დაბარებული. სრულად გამოჯანმრთელების შესახებ მიღებულმა პასუხმა გამაბედნიერა, თუმცა ლადოს წასვლამ გააქარწყლა ეს განცდა.

 

თუმცა არ შეიძლება, არ მიხაროდეს მძიმე სენის დამარცხება.

 

ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი მიუძღვის, მადლობას ვუხდი და ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ბარაქას ვუსურვებ. ვინც ხელი შემიწყო მკურნალობაში, ამ ინტერვიუს საშუალებით, ყველას უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო. უზომო წარმატებას და ბედნიერ წელს ვუსურვებ ყველას.

 

ჩემი დღე იწყება და მთავრდება დედაჩემზე ფიქრით…

 

სამწუხაროდ, ადამიანებს როდესაც ვკარგავთ, მაშინ ვაფასებთ მათ. დედას წასვლამ მიმახვედრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამას მის ცხოვრებაში რატომ ვერ ვხვდებოდი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.

 

 

ბოლოს ბევრს ვეჯუჯღუნებოდი. ჩემს თავთან კი ახლა იმით ვიმართლებ თავს, რომ ავად ვიყავი და ნერვები არ მყოფნიდა.

 

დედა, ცუდად ვარ-მეთქი, რომ ვეუბნებოდი, ის მპასუხობდა, არ ხარ, დედა, ცუდადო. ეს პასუხი ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, ვბრაზობდი.

ის ეკლესიური და უსაზღვროდ მორწმუნე ქალი იყო. ახლა უკვე ასე მგონია, რომ მისი გული ყველაზე უკეთ გრძნობდა, რომ გამოვკეთდებოდი. ბევრს ლოცულობდა ჩემზე და ბევრსაც მლოცავდა.

 

ალბათ, ძალიან გამიჭირდება, დარჩენილი ცხოვრების, დედის ლოცვის გარეშე გავლა.

 

როგორ მიულოცა ხათუნა ჟორდანიამ ქმარს დაბადების დღე
2021-12-26როგორ მიულოცა ხათუნა ჟორდანიამ ქმარს დაბადების დღე

 

თუ მე, ან ნინის, ანდაც მერაბს, რაიმე გაუჭირდებოდათ, ვურეკავდი და ვთხოვდი, დე, გაძლიერებულად ილოცე ნინიზე, მერაბზე-მეთქი. მან იცოდა, რომ განსაცდელის დროს გულმხურვალედ უნდა ელოცა ჩვენთვის. მინდა გითხრათ, რომ ყველა განსაცდელი მისმა ლოცვებმა გადაგვატარა… მე მისმა ლოცვამ წამომაყენა. აი, ეს მაკლია ყველაზე მეტად…

 

საახალწლოდ დედას უყვარდა სავსე სუფრა, არაფერი არ უნდა კლებოდა. წელს ჩავთვალე, რომ მოზომილი სუფრა მქონოდა ახალ წელს. მაგრამ გეგმა შემეცვალა, რადგან წელს საახალწლოდ მერაბი ჩამოდის, ასევე ჩემი ძმისშვილი, ლევან ჟორდანია ჩამოდის. ამიტომ შევეცდები ტრადიციული ქართული სუფრა გავაკეთო. მხოლოდ ზურა არ იქნება ჩვენთან ერთად, ბათუმში აქვს კონცერტი.

 

 

– ხათუნა, მკურნალობის დასრულების დროს, ძველი ფორმის დაბრუნება დაგეგმე. ასრულებ?  

 

– ოროსანი გამოვდექი. ყოველი ორშაბათიდან ვიწყებ დიეტას და არ გამომდის. მაგრამ გეუბნებით, ახალი წლიდან ნამდვილად ვიწყებ დიეტის დაცვას.

 

მადლობა ყველას, მადლობა შენ. გილოცავთ დამდეგს და განსაკუთრებით სიმსივნით დაავადებულთ. ყველას ჩემსავით გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ფარ-ხმალი არ დაყაროთ. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. სიმსივნე განაჩენი არ არის. მთავარია ბრძოლის უნარი ბოლომდე არ დაკარგოთ. ბედნიერი წელი ყველას.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X