15:37 | 2020-12-04 ავტორი: Prime Time

„ამაზე საუბარი ყველასთან მერიდებაო“ – რა გაუმხილა რობერტ დე ნირომ ქეთი დოლიძეს

„ამაზე საუბარი ყველასთან მერიდებაო“ – რა გაუმხილა რობერტ დე ნირომ ქეთი დოლიძეს

რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია. ის 75 წლის გახდა, თუმცა ამბობს, რომ თავს 35 წლის ახალგაზრდად გრძნობს.

 

„პრაიმამბებთან“ ინტერვიუში რეჟისორი სხვა ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად იხსენებს მის შეხვედრას მსოფლიოს მეგა ვარსკვლავებთან – ალენ დელონთან და რობერტ დე ნიროსთან.

 

„პაატა ბურჭულაძემ გამიკეთა საჩუქარი – მე და ალენ დელონი ერთ მაგიდასთან ვისხედით. არაჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. თბილი, უშუალო და ყოველგვარ “ვარსკვლავობანას თამაშს” მოკლებული.

 

პირველ რიგში, ასპროცენტიანი მამაკაცია. ბრწყინვალე მსახიობი იყო ყველა ეტაპზე, თუმცა არასდროს აკლდა მამაკაცური თვისებები. მეტიჩარა არ ყოფილა. არც ვარსკვლავური სენით ყოფილა დაავადებული. ეს მსახიობებს ნამდვილად ახასიათებთ. ალენს არ ჰქონია.

 

ამბობდნენ, ალენს მაფიასთანაც ჰქონდა კავშირიო. კაცი იყო და კაცად დარჩა. საოცრად მომხიბლელი ადამიანია.

 

რაც შეეხება დე ნიროს, ის ჩვენთან, კინომსახიობთა თეატრში მოიყვანეს და მე ვუთარგმნიდი სპექტაკლს “წუთისოფელი ასეა.” ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ დიდი და ტრაგიკული შეცდომა იყო ის, რომ დე ნიროს მიშა თუმანიშვილის შედევრი – “დონ ჟუანი” არ აჩვენეს. რატომ აჩვენეს ფოლკლორი, რომელსაც ვერც ვუთარგმნიდი და ვერც გაიგებდა, არ ვიცი. აღიქვა, როგორც ეტიუდების ნაკრები. ეს თქვენი სავარჯიშოებიაო, იკითხა.

 

მაშინ ბატონ მიშას შევედავე, როგორ შეიძლებოდა თქვენი შედევრის ნაცლად ამ სპექტაკლის ჩვენება-მეთქი?! სულ სხვა შთაბეჭდილებით წავიდოდა.

 

დე ნიროსთან შეცდომა კიდევ დაუშვეს. ფილმ “ცოფიანი ხარის” შემდეგ როლისთვის აკრეფილი ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურდა. ამას ცდილობდა ორი წელი. ჩვენთან კიდე ერთი სუფრიდან მეორეზე გადაჰყავდათ.

 

უცებ მეკითხება, ერთი პატარა შეკითხვა მაქვს, ყველასთან მერიდება ამაზე საუბარი და საქართველოში საჭმელზე უარის თქმა სერიოზულად შეუძლებელიაო? ასე მითხრეს, თუ არ გასინჯავთ, ეს ჩვენი შეურაცხყოფააო. არა, რას ბრძანებთ, თუ გნებავთ მიირთვით, თუ არა, ნუ მიირთმევთ-მეთქი.

 

ჩვენს თეატრში სტუმრობა მოეწონა, წასვლა არ უნდოდა. ამ დროს, არიქა, შეგვიჩნდნენ ორგანიზატორები, ფუნიკულიორზე გაშლილია სუფრა, გამოუშვით, გველოდებიანო. მოეშვით, კაცს არ უნდა ჭამა-მეთქი, ვსაყვედურობდი. დე ნიროს უარის თქმა ერიდებოდა.

 

მერე წაიყვანეს ქუთაისში. მანქანა 200 კილომეტრის სიჩქარით მიქროდა, რაც უცხოელებისთვის სრულიად წარმოუდგენელია. გული გაუსკდა, თურმე დე ნიროს. მისი შვილები მის წინ მიმავალ მაქანაში ისხდნენ. შიშისგან გადარეულმა სანამ არ იყვირა, გამიჩერეთ, ჩემს შვილებთან მინდა ჩაჯდომაო, ასე სისწრაფით მიაქროლებდნენ.

 

არ ვიცი, რატომ ჩაატარეს ასეთი პროვინციული რამ, სამაგიეროდ, მივიღეთ ის, რომ საკმაოდ არაასასიამოვნო რამ დაწერა ამ ვიზიტზე. იუმორში აღწერა ჩვენი ასეთი დახვედრა… კითხვის გაგრძელება

ავტორი: Prime Time

X