13:41 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

ამაზონის ჯუნგლებში გამყინვარების დროინდელი გამოსახულებები აღმოაჩინეს

ამაზონის ჯუნგლებში გამყინვარების დროინდელი გამოსახულებები აღმოაჩინეს

ამაზონის ჯუნგლებში, კლდეებზე დიდი გამყინვარების დროინდელი გამოსახულებები აღმოაჩინეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ცნობით, აღმოჩენილი სურათები 11 800 – 12 600 წლის წინ გამოსახეს. ისინი სამ სხვადასხვა გამოქვაბულშია, რომელთაგანაც ყველაზე დიდი – Cerro Azul (ქართულად – ლურჯი ბორცვი), ათასობით უნიკალურ პიქტოგრაფს ითვლის.

 

დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გამოსახულებები, გამყინვარების დროს მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. სურათებში მამონტები, ქამელისებრნი, კენტჩლიქოსნები და ცხენები არიან გამოსახულნი. ასევე, აღმოჩენები უფრო უკეთ გვაჩვენებენ, თუ როგორ თანაარსებობდნენ გიგანტურ ძუძუმწოვრებთან ერთად იმ პერიოდის ადამიანები.

 

 

ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგი – მარკ რობინსონი, დასავლეთ ამაზონის აღმოჩენებს გასაოცარს უწოდებს. მისი თქმით, ისინი თანამედროვე ადამიანს რეტროსპექტივის ეფექტის საშუალებას აძლევს, რითიც გამყინვარების ეპოქაზე კიდევ, მკვეთრ წარმოდგენებს ვიქმნით.

 

დანარჩენი სურათები ადამიანებს, ნადირობის სცენებს, სხვადასხვა ცხოველებს: ირმებს, ალიგატორებს, ღამურებს, მაიმუნებს, კუებს, გველებს და მაჩვზღარბებს გამოსახავს. ზოგიერთი ნახატი იმდენად მაღალ სიმაღლეზეა შესრულებული, რომ მხატვარს განსაკუთრებულად დამზადებული კიბეები დასჭირდებოდა მათ შესასრულებლად. ასევე, გამოსახულებები მოწითალო ფერისაა. ისინი მოყავისფრო-მოოქროსფრო პიგმენტის საღებავებითაა დახატული.

 

 

სურათებზე გამოსახული ადამიანები, მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. ნაპოვნი ძვლები და ნარჩენი ადასტურებს, რომ ისინი გველებს, ალიგატორებს, ბაყაყებს, ჯავშნოსნებს, მღრღნელებსა და წყლის გოჭებს ჭამდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მაშინდელი ადამიანებისათვის ხატვა, მათი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და სოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი გზა იყო. აღმოჩენილი სურათები სამხრეთ ამერიკაში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრეისტორიულ კოლექციას ქმნის.

 

ამ დროისთვის, მკვლევარები ცდილობენ ზუსტად გაარკვიონ, როდის დამკვიდრდნენ მაშინდელი ადამიანები, პირველად ამაზონში და რამდენად დიდი გავლენა იქონიეს მათ, მაშინდელ ბუნებრივ გარემოზე. მათი განცხადებით, კვლევები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თვითონ პროექტი კი, ჯერჯერობით, 5- წლიანი ვადითაა განსაზღვრული.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღმოჩენებს დიდი ბრიტანეთის მეოთხე არხი, ახალი სერიალით – „ჯუნგლების საიდუმლოება: ამაზონის დაკარგული სამეფოებით” გააშუქებს.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X