17:34 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

ამბავი, რომელმაც ავსტრია შოკში ჩააგდო – რა შეცდომა დაუშვა მთავრობამ და როგორ მოიქცა ხალხი?

ამბავი, რომელმაც ავსტრია შოკში ჩააგდო – რა შეცდომა დაუშვა მთავრობამ და როგორ მოიქცა ხალხი?

ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დღეს ლოქდაუნი გამოცხადდა. შეზღუდვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე ვენაში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა მაღაზიებში, ქუჩებში, კაფეებსა თუ რესტორნებში… და აი, სწორედ ამ დროს მოულოდნელად ქალაქის ცენტრში სროლები ატყდა.

 

ავსტრიის დედაქალაქი უპრეცედენტო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. წინასწარი მონაცემებით, შეიარაღებული ტერორისტები გამოჩნდნენ სინაგოგასთან და კიდევ 5 ლოკაციაზე, სადაც სროლების შედეგად დაიღუპა სულ ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი. მძიმედ დაიჭრა 17 მოქალაქე.

 

ამ დროის მონაცემებით, ტერორისტული დაჯგუფების ორი წევრი დაკავებული, ერთი კი ლიკდვირებულია, თუმცა ვენის სხვადასხვა დასახლებებში სპეცსამსახურები და პოლიცია აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებს დაჯგუფების სხვა, სავარაუდო მონაწილეების დასაკავებლად. ჩხრეკები ჩატარდა საეჭვოდ მიჩნეულ ყველა სახლში.

 

ლიკვიდირებული ტერორისტი 20 წლის კურტინ ფეჯზულაია – მაკედონიის და ავსტრიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა.

 

როგორც ჩანს, ავსტრიის სპეცსამსახურებმა მისი რადიკალიზაციის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს, მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვა ფლობდა ინფორმაციას კურტინ ფეჯზულაის კავშირებზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ის გახლდათ ერთ-ერთი იმ 90 პირს შორის, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად წასვლას გეგმავდა. ავსტრიელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს კიდეც, თუმცა დეკემბერში გაათავისუფლეს, რადგან ნაკლები რისკის შემცველად მიიჩნიეს და ფიქრობდნენ, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ის რაიმე თავდასხმის დაგეგმვას ვერ შეძლებდა.

 

აშკარაა, რომ სპეცსამსახურები შეცდნენ. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერაქტის შემდეგ საკუთარ მოქალაქეებს საგანგებო განცხადებით მიმართა:

 

„ბოლო წლების განმავლობაში, დღეს არის ურთულესი დღე ავსტრიისათვის. ადგილი ჰქონდა მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. სამწუხაროდ გვყავს ბევრი დაჭრილი, გარდაცვლილი. ჩვენი ახლანდელი მონაცემებით, მინიმუმ ერთი დამნაშავე თავისუფალია. ძვირფასო ვენის მოქალაქეებო, მოგიწოდებთ, თუ არ არის განსაკუთრებული პროფესიული საჭიროება, დარჩით სახლში, არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში. სიტუაცია არის ძალიან რთული ყველასთვის და უნდა ვიდგეთ ერთად, რომ ვიმოქმედოთ დისციპლინირებულად. მადლობას ვუხდი ყველა პოლიციელს ოპერაციის მიმდინარეობაში შეტანილი წვლილისთვის და თავდადებისთვის. ერთი უნდა იყოს ნათელი და იქნება კიდეც ნათელი, სწორედ ამისთვის არის პოლიცია – ვინც ერთს თავს ესხმის, ნიშნავს რომ თავს გვესხმის ყველას“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მოწოდებას მოქალაქეებიც და მედიაც გაგებით მოეკიდა. ამ დროისთვის პოლიცია დედაქალაქში მასშტაბურ სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს.

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ავსტრიელების მაღალ მოქალაქეობრივ თვიშეგნებაზე საუბრობს და პარალელს ქართულ რეალობასთან ავლებს:

 

„ჯერ შეაფასეთ რამდენად მძიმე და გამომწვევი ტერაქტი მოხდა ავსტრიის დედაქალაქში. არის მსხვერპლი, რამდენიმე ტერორისტი მიიმალა (ჩვენს ენაზე გაექცათ) და ასობით შეიარაღებული პოლიციელი მთელ ქალაქში ეძებს.

 

ახლა დააკვირდით როგორ იქცევა საზოგადოება, პოლიტიკოსები, მედია. თუ დარბიან ტერორისტების კვალდაკვალ, თუ აწარმოებენ პირდაპირ ეთერებს ძებნის ოპერაციის გასაშუქებლად?!

 

მოუსმინეთ რას მოუწოდებს პოლიცია: დარჩნენ სახლებში და არ გააშუქონ ე.წ. ლაივები. საზოგადოება კი ემორჩილება.

 

აბა ნახეთ, თუ კეთდება განცხადებები სახელმწიფოს ჩამოქცევის შესახებ?!

 

არის რომელიმე სახელმწიფო მსგავსი, მოულოდნელი ტერაქტისგან დაზღვეული?

 

ნახავთ, როგორი ერთიანი იქნება ასეთი გამოწვევისას სახელმწიფოს მმართველობა, ძალოვანი უწყებები და საზოგადოება“, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

ავტორი: Prime Time

X