13:03 | 2020-04-17 ავტორი: თამარ გონგაძე

ამერიკელი მოხუცი, რომელსაც კობა სუბელიანი უვლიდა CoViD-19-ით დაიღუპა

ამერიკელი მოხუცი, რომელსაც კობა სუბელიანი უვლიდა CoViD-19-ით დაიღუპა

ქართველი პოლიტიკოსი კობა სუბელიანი, წელიწადნახევარია, ნიუ-იორკში, ადვოკატ ჰენრი მილერთან მუშაობდა. რამდენიმე საათის წინ კი მან, სოციალური ქსელით, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა – 90 წლის ჰენრი კორონავიურსმა იმსხვერპლა.

 

“ჩვენც მოგვწვდა ვირუსი, ჰენრი მილერი აღარ არის.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ რეგულარ “ჩეკაპზე” მივიყვანეთ რიჰაბში ეგრეთ წოდებულ “ფიზიკალ თერაპიზე” ერთი კვირით, მაქსიმუმ 10 დღით. ამასობაში გამოცხადდა ყველაფრის დაკეტვა და დაიტოვეს. უფრო უსაფრთხოდ იქნება აქო და ეს აღმოჩნდა საბედისწერო შეცდომა.

 

ათი დღის წინ ტესტით დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ პერსონალმა გადასდო.

 

იბრძოლა ამ წუთამდე მაგრამ ვერ მოერია. ნახვით ვერ ვნახულობდი, მხოლოდ ტელეფონით ველაპარაკებოდი.

 

არ გეუბნებოდით, არც ვიმჩნევდი, ბოლომდე მეგონა, რომ გამოძვრებოდა და იმედიანად ვიყავი მაგრამ…

 

მისტერ ჰენრი, მაგარო კაცო, მაგარო ადამიანო, ჩემო დიდო მეგობარო, ჩემი ოჯახის წევრო, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრები.

 

ვწერ და თვალებს ვერ ვუჯერებ. ოდესმე მოხდებდა, ხომ ვიცოდი და თითქოს შეგუებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ წამის დადგომა შემზარავი ყოფილა. გაგლეჯაზე მაქვს გული.

ასეთ მზაკვრულ დასასრულს არ ველოდი. მშვიდობით…” – წერს კობა “ფეისბუქზე”.

 

კობა სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად წერდა ჰენრიზე, მასთან ურთიერთობაზე – თუ როგორ ასწავლა მას ქართულ სუფრასთან მოლხენა, სიმღერა, სადღეგძელოები…

 

90 წლის ჰენრის სუბელიანმა საქართველოს დროშის სამკერდეც კი გააკეთებინა, თავზე კი – სვანური ქუდი დაახურა.

 

ბრუკლინელი ჰენრი მილერი ცნობილი ადვოკატი გახლდათ ნიუ-იორკში. 50 წლის განმავლობაში განხილული ჰქონია ყველა სახის საქმე: პირადი, კომერციული თუ მასობრივი დარღვევების ფაქტები. მოგებული აქვს მულტი-მილიონიანი კომპენსაციები თავისი კლიენტებისთვის, მათ შორის ყველაზე დიდი კომპენსაცია ნიუ-იორკის შტატში.

 

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი იურიდიული ფირმის Clark, Gagliardi & Miller, P.C. თანამშრომელი და პარტნიორი იყო.

 

რეგულარულად ატარებდა სემინარებს ადვოკატებისათვის ქვეყნის მასშტაბით, სასამართლო პრაქტიკის ყველა ასპექტის შესახებ. კითხულობდა ლექციებს იურიდიულ სკოლებში (ჰარვარდი, კოლუმბია, ფორდჰემი, სენტ ჯონი, კარდოზო, ნიუ იორკის უნივერსიტეტი)

 

“ადამიანები მიყვარს, მათთან მინდოდა ურთიერთობა და იმიტომ ავირჩიე ეს პროფესია” – ამბობდა ამერიკელი ადვოკატი.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X