11:17 | 2021-12-08 ავტორი: Prime Time

ამერიკული პრესა დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის გეგმებზე რამდენიმე თვის წინ წერდა – როგორ აფასებენ კრემლსა და თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრის შესახებ

ამერიკული პრესა დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის გეგმებზე რამდენიმე თვის წინ წერდა – როგორ აფასებენ კრემლსა და თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრის შესახებ

გუშინ პუტინსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკება შედგა: რა შეფასება მისცეს ამ „შეხვედრას“ კრემლმა და თეთრმა სახლმა?

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ონლაინ მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზება და დასავლეთის შეშფოთება, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ.

 

რა განაცხადა თეთრმა სახლმა

 

მოლაპარაკებების დროს ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზებასთან დაკავშირებით, განაცხადა თეთრმა სახლმა.

 

„ბაიდენმა გამოხატა აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის ირგვლივ რუსული ჯარების განლაგებისა და სიტუაციის ესკალაციის გამო და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ ესკალაციის შემთხვევაში“. – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

საუბრისას ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა და მოუწოდა „დეესკალაციისა და დიპლომატიის დაბრუნებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ასევე, მოლაპარაკებების დროს პუტინი და ბაიდენი შეეხნენ კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივ მუშაობას, რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის – ირანთან ურთიერთობებზე.

 

რა განაცხადა კრემლმა

 

კრემლმა განაცხადა, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებები იყო გულწრფელი და საქმიანი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საუბრის დროს უპირატესი ადგილი დაიკავა „უკრაინის შიდა კრიზისთან და 2015 წლის მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესის ნელ ტემპთან დაკავშირებულმა საკითხებმა“.

 

„რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული მაგალითებით აჩვენა კიევის დესტრუქციული ხაზი, რომელიც მიზნად ისახავს მინსკის შეთანხმებებისა და ნორმანდიის ფორმატში მიღწეული შეთანხმებების სრულ დემონტაჟს, გამოხატა სერიოზული შეშფოთება დონბასის წინააღმდეგ კიევის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

რუსულმა მხარემ ასევე დაადასტურა, რომ ბაიდენმა საუბარში გააფრთხილა სანქციების შესახებ და რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გამოიყენოს ეს სანქციები უკრაინის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში.

 

„ჯოზეფ ბაიდენმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილების სავარაუდო საფრთხის შემცველობას და ხაზგასმით აღნიშნა სანქციების  შესახებ, რომლებიც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან, გამოიყენონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში“, – თქვა კრემლმა.

 

პუტინმა უპასუხა და განაცხადა, რომ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს, უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად და ავითარებს თავის სამხედრო ძალებს რუსეთის საზღვრებთან.

 

„აქედან გამომდინარე, რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული სანდო, ლეგალურად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომლებიც გამორიცხავს ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით და შეტევითი ტიპის იარაღის სისტემების განლაგებას, რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

საუბრისას პუტინმა ასევე შესთავაზა ვაშინგტონს, გააუქმოს დიპლომატიური მისიების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები.

 

„რუსულმა მხარემ შესთავაზა, გაუქმდეს ყველა დაგროვილი შეზღუდვა დიპლომატიური მისიების ფუნქციობაზე, რაც შეიძლება ემსახურებოდეს ორმხრივი ურთიერთობების სხვა ასპექტების ნორმალიზებას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

ჯარის გადაადგილება

 

პუტინსა და ბაიდენს შორის ეს უკვე მეორე მოლაპარაკებაა წელს. ივლისში ისინი ერთმანეთს პირადად შეხვდნენ ჟენევაში.

 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ამჯერად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობა იქნება. თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ შაბათს განაცხადა, რომ ბაიდენი აპირებს პუტინს გამოუცხადოს „აშშ-ის შეშფოთება რუსეთის სამხედრო აქტივობის გამო უკრაინის საზღვარზე და კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

 

ამერიკულმა მედიამ კრემლის ამგვარი გეგმების შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გააჟღერა, ამერიკული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით. კიევი ირწმუნება, რომ რუსეთმა საზღვარზე 94 000-მდე ჯარისკაცი განალაგა და ჯავშანტექნიკა და ელექტრონული საომარი სისტემები დააყენა.

 

რუსული მხარე უარყოფს შეჭრის გეგმებს და ამბობს, რომ ჯარები ატარებენ წვრთნებს საზღვართან ახლოს. „ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენს ტერიტორიაზე ჯარები გადავაადგილოთ, მაგრამ რაიმე სახის ესკალაციაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა გასულ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

 

მოსკოვი ასევე ადანაშაულებს უკრაინის ხელისუფლებას, სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში და საკუთარი ჯარების საზღვართან ახლოს მობილიზებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინამ რუსეთის საზღვართან 125 000 სამხედრო განალაგა.

 

ასევე, რუსეთის ხელისუფლება ნატოს პროვოკაციულ ქცევაში ადანაშაულებს შავი ზღვაში ალიანსის ფარგლებში არაგეგმიური წვრთნების გამო.

 

„არსებობს უკრაინის სამხედრო ძალების გადაქაჩვის მცდელობა, რაც აძლიერებს კიევის განწყობას მინსკის შეთანხმებების საბოტაჟისკენ და კვებავს კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის ილუზიას”, – თქვა გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ავტორი: Prime Time

X