
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციონისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ პანდემიის დასასრულებლად ბავშვების ვაქცინაცია აუცილებელი იქნება.
მისივე თქმით, თუ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებში კომულაციური იმუნიტეტი სერიოზულად დაგროვდება, მაშინ ბავშვთა ვაქცინაციისგან თავს შეიკავებენ, სანამ უფრო მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვთა ასაკში.
„უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის. იმიტომ, რომ ისინი თუ ინფიცირდებიან, საბედნიეროდ, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ამავე დროს არიან სერიოზული გამავრცელებლები. ამიტომ, ეს მიმართულება ემხრობა სწორედ იმ შეხედულებას, რომ ბავშვები უნდა აიცრან. მეორე შეხედულებაა, რომ თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ შეიძლება თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ უფრო მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. სანამ ჩვენ Pfizer-ის ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ მეტი მტკიცებულება იქნება. იცით, რომ ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ბრიტანეთისა და ევროპის მარეგულირებლები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა ეთერში ვერ გავაჟღერებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე ნახეთ: შემოსვლიდან 5 წუთში გავსინჯე და იქვე ჩავწერე, რომ… – ლევან რატიანი მეგი ბაქრაძის ტრაგედიაზე






















