
საკუთარი შვილისა და კორონავირუსით ინფიცირებული სხვა პაციენტის მდგომარეობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ჯერ-ჯერობით გართულების გარეშე მიმდინარეობს ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის მცირე სიმპტომები, თუმცა გართულების გარეშე. არამხოლოდ ნიკასი, ყველა იმ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ ერთი რჩება საყურადღებოდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს შემთხვევა დამთავრდება სრული გამოჯანმრთელებით. 14 დღე გავიდა რაც პირველ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. იმედი გვქონდა, რომ მას ანალიზების შემდეგ დაუდასტურდებოდა უარყოფითი სინჯი, თუმცა ასე არ მოხდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საგრძნობლად დაქვეითებულია ვირუსი ნაცხში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოჯანმრთელების გზაზეა. აქედან გამომდინარე ის პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დარჩება სრულ გამოჯანმრთელებამდე.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
საქართველოში დღეის მდგომარეობით ინფიცირებული სულ 24 პაციენტია.
კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო! – ამის შესახებ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.






















