
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.
წინააღმდეგობრივი შეხედულებების გამო ოპოზიციამ ამნისტიის საკუთარი პროექტიც დაარეგისტრირა.
ორივე მხარე კანონპროექტის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს და განმარტავს, რა საკითხებში გაჩნდა ყველაზე მეტად განსხვავებული მოსაზრებები.
ერთი საკითხი კონკრეტულ მუხლებს ეხება, ხოლო მეორე დაზარალებულების თანხმობას.
განსხვავება ორ კანონპროექტს შორის
„ქართული ოცნების“ კანონოპროექტის მიხედვით, ზოგადად 20 ივნისის მოვლენების ამინისტირება უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განცხადებები უკვე გაკეთდა.
„განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვამბობთ – ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენას და გამოვრიცხოთ ის მუხლები, რასაც არ ვახებთ. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, რომ – ჩავწეროთ კონკრეტული მუხლები, რას ეხება და რას არ ეხება.
მეორე განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გვეუბნებიან, რომ საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. ჩვენი პოზიცია კი ასეთია: ვინაიდან ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, გამონაკლისი შესაძლოა იყოს მაკო გომურის შემთხვევა.
„ამნისტირება გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს.
„ამინისტია იმ ადამიანებს, უნდა შეეხოთ, ვისზეც უკვე წაყენებულია ბრალდება. „ლელომ“ შემოიტანა ჩამკეტი, რომ ამნისტია უნდა შეეხოთ ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები იქნებიან თანახმა რომ აპატიონ დანაშაული მოძალადეებს. „ქართულ ოცნებას“ უნდა რომ მომავალ ჰიპოტეზურ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ერთი წლის მერეც აღმოჩნდეს, ამაზეც გავრცელდეს ამნისტია“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, ორ მხარეს შორის წინაარმდეგობის გამო ოპოზიციამ საკუთარი კანონპროექტიც დაარეგისტრირა.
„დიდი წინააღმდეგობა გვქონდა დაზარალებულის თანხმობაზე, ამნისტიის გავრცელების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ამაზე არ თანხმდება, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ ჩვენი კანონპროექტი, სადაც აუცილებელი იქნება დაზარალებულის თანხმობა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ზოგადად მოვლენის ამინისტირება მოხდეს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ კონკრეტული მუხლები ჩაიწეროს“,- განმარტავს პაატა მანჯგალაძე.























