
“არასდროს მიღალატია ჩემი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის 26 მაისს”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ კრიტიკოსების საპასუხოდ განაცხადა.
ბურჯანაძე აფრთხილებს კრიტიკოსებს, გაჩუმდნენ, თორემ მათ “ენას ამოაძრობს და დაადუმებს ერთხელ და სამუდამოდ”.
„არასდროს მივაჭრია, არასდროს ფულზე არ გამიყიდია ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესები. არასდროს მიღალატია ჩემი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის 26 მაისს იმიტომ, რომ ხალხის მოთხოვნა იყო, ბოლომდე ვმდგარიყავით და ბოლომდე ვიდექი. არასდროს ვაპირებ ვივაჭრო იმ ადამიანების ინტერესებით, ვისაც ჩემი სჯერა. ნუ მომაყოლებთ ჩემს სახელისუფლებო ან საოპოზიციო კაბინეტში ვინ, რამდენს, ვისგან ითხოვდა. ვინ როგორ ვაჭრობდა, ვინ, რა თანხებზე საუბრობდა და ვინ, რაში ყიდდა იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთა გულის აჩუყებას ახლა ცდილობენ. გამიფრთხილებიხართ, ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დასაცავად ნინო ბურჯანაძე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისში მივიდა, რის გამოც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა და 26 მაისი ტრაგედია გაახსენეს, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ აქცია დაარბია. აქციის ორგანიზატორი კი ნინო ბურჯანაძე იყო.
გუშინ დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.






















