
ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის ვაქცინაციის გეგმა წარმოადგინა. ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყნის მოსახლეობის 60%, 18 წელს ზევით მოქალაქეები უნდა აიცრან.
იმუნიზაციის გეგმა დაიყო სამიზნე ჯგუფებად, კვარტლებად, კვირეებად. მთავრობამ დაითვალა თითოეულ სამიზნე ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობაც:
პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფები
- ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, ასაცრელი კონტინგენტი 46,420.
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -65%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი.
- 75 ასაკის პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი.
- 65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი.
- ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი.
- 55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი.
- 18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი.
საერთო ჯამში კი ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი.
სად და როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ აცრისთვის?
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, უნდა ამოქმედდეს აცრაზე ჩაწერა-რეგისტრაციის ონლაინ მოდელი.
გეგმის თანახმად, აცრების რეგისტრაცია და ანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით. ამ სისტემას დაემატება მე-2 დოზაზე შემახსენებელი შეტყობინებების და მოსასვლელი კონტიგენტის მონიტორინგის ფუნქცია.
ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგულისხმება პორტალი www.immunization.moh.gov.ge ან www.portal.ncdc.ge. სავარაუდოდ, ამ საიტებზე დარეგისტრირების შემდეგ მოგეცემათ საშუალება, ჩაეწეროთ ვაქცინაციის რიგში.
რომელ დაწესებულებას უნდა მივმართოთ აცრისთვის?
- თუ პირს ჯანმრთელობის მადგომარეობის გამო, არ შეუძლია გადაადგილება მობილური ჯგუფი მას ბინაზე მიაკითხავს;
- პირი, რომელიც არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, აიცრება იმ კლინიკაში სადაც მუშაობს;
- თუ პირი ცხოვრობს, ან მუშაობს ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებაში, ასაცრელად ადგილზე მივა მობილური ბრიგადა;
- თუ პირი განეკუთვნება ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფს, უნდა მიაკითხო ან საავადმყოფოს ან იმუნიზაციის კლინიკას.
- ე.წ. ზოგადი მოსახლეობის ჯგუფში, ანუ თუ მოქალაქე არის 18-54 წლის და არ აქვს ქრონიკული დაავადება, ასეთი პირებისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გაიხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს კოვიდვაქცინას?
„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად.
ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.
გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით. არის მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას თან ახლავს და ეს აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. უმრავლეს შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები.
ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
რა ვიცით Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაზე
BBC-ის ინფორმაციით, Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის დასამზადებლად მეცნიერებმა გრიპის ვირუსის სუსტი ფორმა, ე.წ. ადენოვირუსი გამოიყენეს.
მეცნიერებმა ადენოვირუსს ფორმა შეუცვალეს, რათა უფრო მეტად მიემსგავსებინათ კორონავირუსისთვის.
ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებისკენ უბიძგებს, რათა ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის დამარცხება ადვილად მოხდეს.
რა ვიცით Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე
აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის ბიოტექნოლოგიების კომპანია – BioNTech-ის წარმომადგენლების განცხადებით, მესამე ფაზის მიმდინარეობისას ჩატარებული კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.
Pfizer/BioNTech-ის ცნობით, კვლევის პროცესში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური კვლევის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მაისში კომპანიებმა მცირე კლინიკური კვლევები ჩაატარეს, რათა მალევე გამოევლინათ გვერდითი მოვლენები.
კერძოდ, მათ ვაქცინის 4 ვარიანტი შეამოწმეს და შეარჩიეს ის, რომლის გამოყენებასაც თან სდევდა მხოლოდ მსუბუქი და ზომიერი გვერდითი მოვლენები – მაგ: სიცხე და დაღლილობა.
პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ვისთვისაც კოვიდი სასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ზაფხულში ან შემოდგომიდან აიცრებიან.
ვაქცინის გეგმის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ბიუჯეტი 64 333 622-დან 158 190 243 მილიონ ლარამდე მერყეობს.
ავტორი: ნანიკო ჩხაიძე






















