14:18 | 2020-12-02 ავტორი: Prime Time

ანონიმური ზარი თბილისიდან New York Times-ის რედაქციაში: „გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“ – რას წერდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა საქართველოზე 1978 წელს

ანონიმური ზარი თბილისიდან New York Times-ის რედაქციაში: „გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“ – რას წერდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა საქართველოზე 1978 წელს

1978 წლის აპრილში, New York Times-ის მოსკოვის ბიუროში ანონიმური ზარი გაისმა… უცნობი პირი რედაქციას თბილისიდან უკავშირდებოდა.

 

ზარის ავტორი მედიასაშუალებას თბილისში მიმდინარე მანიფესტაციის შესახებ ატყობინებდა.

 

რას წერდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა ამის შესახებ 1978 წელს? New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

 

„უცნობმა მამაკაცმა თანამშრომლებს უთხრა – ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ – გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“…

 

1978 წლის აპრილში, თბილისში დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას აპროტესტებდნენ.

 

1977 წელს, საბჭოთა კავშირმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის საფუძველზეც უზენაესი საბჭო, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას განიხილავდა.

 

საპროტესტო აქციებმა კულმინაციას 1978 წლის 14 აპრილს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი – ედუარდ შევარდნაძე ხალხის დამშვიდებას ცდილობდა, სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. საბოლოოდ, ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა თავის სტატუსს შეინარჩუნებდა.

 

სწორედ ამ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაშიც. 15 და 18 აპრილს, New York Times-ში გამოქვეყნდა სტატიები საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ.

 

სტატიებში საუბრობდნენ მომიტინგეთა რაოდენობაზე – აქციაზე 20 000 ადამიანამდე იმყოფებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 18 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის სათაური იყო ასეთი – „საბჭოთა ქართველებმა ენის საკითხზე გაიმარჯვეს“.

 

 

საინტერესოა ფაქტი ორ ამერიკელ იურისტზეც, რომლებიც მიმდინარე მოვლენების დროს თბილისში იმყოფებოდნენ. რობერტ მაკკეი და ერიკ რეიმენი დემონსტრანტებს და თვითმხილველებს ესაუბრებოდნენ. მათი ინფორმაციით, შევარდნაძემ სიტყვით გამოსვლისას, ხალხს ამ ტექსტით მიმარრთა:

 

„ჩემო ბავშვებო, რას აკეთებთ?“, რაზეც გამომსვლელებმა ყვირილით უპასუხეს: „ჩვენ შენი ბავშვები არ ვართ!“.

 

1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად, 1990 წლიდან, საქართველოში, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X