21:32 | 2021-02-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ანზორ მელია: დეპრესიაში არ ვარ, ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება

ანზორ მელია: დეპრესიაში არ ვარ, ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება

ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება,ნიკა არის ვაჟკაცი,- ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

„რომ გითხრათ არ ვნერვიულობ-თქო, მოგატყუებთ. ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა, მაგრამ დეპრესიაში არ ვარ, რადგან ჩემს შვილს არ ასამართლებენ არც ქურდობაზე, არც მექრთამეობაზე, არც სხვა რამეზე.

 

მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა არის ვაჟკაცი. გირაო გადახდილი აქვს და გირაოს გირაო კანონით გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

 

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X