
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გამო, ოპოზიციაში „კონსტიტუციური აჯანყების“ სურვილი გამოთქვეს, ამგვარი პოლიტიკური განცხადების ავტორი პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანია.
აქვთ თუ არა ოპოზიციის სხვა წევრებსაც აჯანყების სურვილი და სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, რაზეა წამსვლელი ოპოზიცია – ამ კითხვებით „პრაიმტაიმმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა.
როგორც აღმოჩნდა, პარტიაში ჩარკვიანის განცხადების შეფასება საერთოდ არ სურთ, თუმცა როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები აუცილებლად იქნება.
„თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს მისი პირადი პოზიციაა. ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ერთობლივად, ბრძოლის რა გზას აირჩევს. საპროტესტო აქციები რომ იქნება, ეს ბუნებრივია. ეს არ არის ოპოზიციის ერთობლივი პოზიცია და ამაზე ჩამოვყალიბდებით, როგორი იქნება ჩვენი გეგმები“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ჩარკვიანის რადიკალურ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძე. როგოც მან აღნიშნა, ხელისუფლება მალე შეიცვლება და სააკაშვილი ციხეს ამ გზით დატოვებს.
„თაკო ჩარკვიანის განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს უნამუსოდ ექცევა ხელისუფლება. მთავარი ის არის, რომ მისი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული და სასწრაფოდ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ სააკაშვილს. მალე შეიცვლება ხელისუფლება და სააკაშვილიც იქნება თავისუფალი“,- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა, რომ ის კონსტიტუციური აჯანყების მომხრეა.
„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჯანყის უფლება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























