
„ზოგადად, არ მეშინია „თეთრი კლავიშების“, თუ „დო მაჟორის“, არც ატონალური კლასტერების და ელექტრონული ჟღერადობების. მუსიკა, დიდი ხანია უკვე, აღარ განისაზღვრება „თანამედროვედ“, იმის მიხედვით, რამდენად ატონალურად ჟღერს“… – ლევან ბაშარული.
გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მუსიკოსი ლევან ბაშარული, ახლო მომავალში, საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. როგორც ქართული, ასევე უცხოური ფილმების და სპექტაკლის მუსიკის ავტორი აცხადებს, რომ მისი კინომუსიკის პირველი „სანოტო კრებული“ და გერმანულენოვანი „პოპ ბალადა“, მალე გამოქვეყნდება, ისეთ ცნობილ აუდიო პორტალებზე, როგორიცაა „Spotify,“ „deezer“, „iTunes“, ასევე, დაგეგმილი აქვს, რადიო პრემიერა.
35 წლის ნიჭიერი მუსიკოსი, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სიმღერის ვიდეოკლიპის გადაღებას და მისი საუნდტრეკების პირველი დისკის თბილისში გამოსვლას აანონსებს:
– პირველი სანოტო კრებულის გამოშვების პროცესში ხართ, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს მომენტი თქენთვის – ეს რაიმეს დასასრულია, თუ ახლის დასაწყისი?
ფილმის მუსიკაზე მუშაობისას, სადაც უფრო ფორტეპიანო დომინირებს, არ მრჩება ყოველთვის დრო, რომ სანოტო ჩანაწერი გავაკეთო, რადგან დრო, ყოველთვის ცოტაა ფილმის პოსტპროდუქციისთვის და ძირითად შემთხვევაში, თვითონ ვასრულებ.

მას შემდეგ, რაც ჩემ ფეისბუქის გვერდზე „სახლის კონცერტი“დავიწყე და ჩემდა გასახარად, ბევრ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, ჩემი მუსიკის შესრულების და მრავალჯერ შემახსენეს, რომ ნოტები მქონდა გასაკეთებელი, გამოვიყენე პანდემიის ჟამს სახლში გატარებული დრო და დავამზადე, ჩემი პირველი სანოტო კრებულის სანოტო მასალა.
ეს არის, დასაწყისი ჩემი სანოტო წიგნების განხრით! აქვე დავაანონსებ, თქვენთან პირველად, რომ იგეგმება უკვე შემდეგი სანოტო წიგნი, ფორტეპიანო-ვიოლინოს დუეტები.
– ყველაზე რთული დეტალი, თქვენი სანოტო ალბომის გამოსვლის პროცესში?
რთული ის ფაქტი იყო, რომ საქართველოში არ ვარ და ყველა დეტალი წიგნთან დაკავშირებით, დისტანციურ რეჟიმში თანხმდებოდა. თუმცა, ჩემმა პროდიუსერმა თბილისში, ნიკოლოზ მინდიაშვილმა, ძალიან გამიადვილა ეს პრობლემა და მეტად კომფორტული გამოდგა მასთან მუშაობა, რისთვისაც დიდი მადლობა მას!
– რა ნაწარმოებებს მოიცავს, თქვენი პირველი სანოტო კრებული?
ემოციურად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი პირველი წიგნი საქართველოში დაბეჭდილიყო. სანოტო კრებულში შევიდა, როგორც გერმანული, ასევე ქართული ფილმებისთვის შექმნილი საუნდტრეკები.
ზოგაგად, ძალიან მიყვარს ნოტების წერა, რადგან წერის დროს, განსხვავებით შესრულებისა, კიდევ სულ სხვანაირად ისმენ, უყურებ შენ ნაწარმოებს, ბევრი იცვლება, ბევრს ფიქრობ შემსრულებელზე, გეგმავ.
– ძირითადად, კინომუსიკას ემსახურებით, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობთ?
არა მხოლოდ კინომუსიკა, ასევე დაკავებული ვარ თეატრის და ცეკვის თეატრის პროექტებით. ამჟამად, ვთანამშრომლობ „SOSANI Tanztheater“- თან ძალიან საინტერესო სპექტაკლზე, მის ძალიან ნიჭიერ ქართველ ხელმძღვანელ, ხელოვან თეა Sosani (SOSANI)- თან. ასევე, დასრულდა მუშაობა გერმანულ პოპ ბალადაზე „Ich halt dich fest“(თანადგომა), რომელიც შეასრულა გერმანელმა მომღერალმა ანდი მიშელმა.

სიმღერა ძალიან ემოციური, დრამატული და ამასთანავე, მეტად პოზიტიური გამოვიდა. აქტუალური პანდემიის, მძიმე პერიოდს ეხება. კარანტინის პერიოდში, ბევრი ადამიანი მარტო დარჩა, ერთმანეთი ენატრებოდათ და ზოგადად, როცა ადამიანები მარტო რჩებიან, მათ თანადგომა სჭირდებათ. ბალადა, ადამიანების დასახმარებლად გაწვდილ ხელზეა.
სიმღერის ვიდეოკლიპზე, ქართველმა რეჟისორმა მაია სანდერმა იმუშავა და პანდემიის შეზღუდვებისა და ხელისშემშლელი მიზეზების მიუხედავად, ძალიან კარგი პროდუქტი შექმნა.
ცეკვის ქორეოგრაფია „SOSANI TANZTHEATER“- ს ეკუთვნის, რომლებმაც გრანდიოზული ვიზუალიზაცია მოახდინეს სიმღერის შინაარსის, დატვირთვის და მეტად პროფესიონალური, დახვეწილი გახადეს ვიდეოპროდუქცია.

სიმღერა, მომავალი კვირიდან აჟღერდება, ისეთ ცნობილ აუდიობიბლიოთეკებში, როგორიცაა „Spotify“, „iTunes“, „Amazon“, „Apple Music“, „Deezer“, „TikTok“. ასევე, მალე მოისმენს გერმანელი მსმენელი, არაერთ გერმანულ რადიოებშიც.
– პირველი მომენტი, როცა მუსიკა უფრო მეტი, მნიშვნელოვანი გახდა…
რთულია თქმა, როდის გახდა მუსიკა, უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის. ალბათ იქედან, როცა 3 წლის ვიყავი და ჩემდა უნებურად, გაუცნობიერებლად მელოდიების აჟღერება დავიწყე ფორტეპანოზე.
ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როცა დავამთავრე მიუნხენის კონსერვატორია და კარიერული ეტაპი დაიწყო, რადგან ერთია ისწავლო და დაამთავრო კონსერვატორია და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, შესძლო შენი ცოდნის გამოყენება, შენი ცოდნის და ტალანტის საქმედ, შენ ცხოვრებად გადაქცევა.
– რა არის თქვენთვის მუსიკა?
მუსიკა, ჩემთვის უზარმაზარ დისწიპლინას, პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომელსაც წლების მანძილზე ვიაზრებდი, ვსწავლობდი. მუსიკოსობა, ბევრს ჰგონია, რომ არის საქმე, რომელსაც როცა გინდა, მაშინ აკეთებ, ელოდები მუზას, ხასიათ-განწყობას და ა. შ.

არ არის ასე! მუსიკოსობა, ძალიან დიდ რისკს ნიშნავს. პირველ რიგში, შენი საქმის ერთგული რომ დარჩე, გქონდეს შენი საქმის კეთების საშუალება, არ მოგიწიოს
შენ საყვარელ პროფესიაზე უარის თქმა. „ხანდახან“ მუსიკის „კეთება“ არ გამოდის, თუ ეს გააზრებულად, ჰობი არ არის.
– ჟანრი, რომლის მიხედვითაც ქმნით მუსიკას?
ასე არ მაქვს ჟანრში მოქცეული, ჩემი მუსიკალური ხედვა, რადგან ზოგადად, ფილმის მუსიკის შესაქმნელად, ერთი კონკრეტული ჟანრთან მუშაობა, არ არის საკმარისი.
ალბათ, ეს ძალიან ბევრი ჟანრის გადამუშავების შედეგია. თუმცა, კონკრეტულად, ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობის თუ ჟანრის სპეციფიკის ცოდნაც საჭიროა, რომელიმე სცენის მუსიკის შესაქმნელად, თუ მუსიკა პროგრამულ ხასიათს იძენს ფილმში, ან რომელიმე კონკრეტულ სცენაში. ერთ ჟანრში მუშაობა, ძალიან მოსაწყენია ჩემთვის…
– რა განსხვავებაა თანამედროვე და გასული საუკუნის მუსიკას შორის – თქვენი ახლანდელი ნამუშევრები განსხვავდება, ადრეული მუსიკისგან?
ზოგადად, არ მეშინია „თეთრი კლავიშების“, თუ „დო მაჟორის“, არც ატონალური კლასტერების და ელექტრონული ჟღერადობების. მუსიკა, დიდი ხანია უკვე, აღარ განისაზღვრება „თანამედროვედ“, იმის მიხედვით, რამდენად ატონალურად ჟღერს ის.
– გარდა თქვენი შემოქმდებისა, როგორ მუსიკას უსმენთ?
ჩემ ნაწარმოებებს, მუსიკას, ძალიან ბევრჯერ ვისმენ, როცა ის კეთების/წერის პროცესშია. იმდენად ხშირად, რომ როცა მზადაა, ძალიან დიდი ხანი აღარ ვუსმენ და შემთხვევით, თუ მაინც შემხვდება-ხოლმე ინტერნეტში, სწრაფად ვუვლი გვერდს.
ზოგადად, მიყვარს კარგი მუსიკა. ხშირად, სხვისი მუსიკა უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი და ვცდილობ, სულ უკეთესი ვაკეთო, რა თქმა უნდა, ჟანსაღი კონკურენციის ფარგლებში.
– ინსპირაციის სხვადასხვა წყარო არსებობს – ზოგისთვის ამინდი შეიძლება იყოს, ზოგისთვის კი, რაიმე კონკრეტული ნივთი, თქვენთვის?
სხვისი მუსიკა, კარგი მუსიკა ბევრ ინსპირაციას მაძლევს. ასევე, საინტერესო ისტორიები და სიახლეები, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაში ხდება, თუნდაც, ამაღელვებელი ნათელა ბებოს მოგზაურობა პარიზში, თუნდაც, საოცარი კუპატა, რომელიც ბაღის ბავშვებს, ზებრა გადასასვლელზე ყოველდღიურად აცილებს.
გარდა ამისა, როცა სცენარი მომივა ფილმზე სამუშაოდ, პირველი წინადადებიდან იწყება უკვე, მუსიკალური მოტივების დაბადება თავში… ამას ვერ აგიხსნით, როგორ…
– რა განცდა გეუფლებათ, როდესაც მუსიკას, ხალხისთვის უკრავთ – რამდენად მნიშვნელოვანია, მსმენელთან კავშირის დამყარება?
მე არ ვარ პიანისტი, თუმცა თავს უფლებას ვაძლევ საავტორო ნაწარმოებები შევასრულო-ხოლმე. 2018 წლიდან დავიწყე „სახლის კონცერტები“, რომლის მიზანი იყო, ქართველი ხალხისთვის გამეცნო ჩემი მუსიკა, რომელიც მხოლოდ, გერმანულენოვან და ინტერნაციონალურ ფასიან საიტებზე იყო განთავსებული.
დაუჯერებლად დიდი ყურადღება და სიყვარული წამოვიდა სანაცვლოდ კონცერტებისა, რაც ხელოვანისთვის გადამწყვეტია. არანაირი ფული და ჰონორარი არ ცვლის ამას. შემდეგ ამ ყველაფერს, სისტემატიური სახე მიეცა და დღემდე ვცდილობ, ჩემ მსმენელს, ბევრი ახალი კომპოზიცია, თუ საუნდტრეკი შევთავაზო.
მადლობა, კიდევ ერთხელ მათ, ზღვა დადებითი ენერგიისთვის!
– საქართველოს შვილი ხართ – ხშირია, თქვენ მუსიკაში, მოგონებები საქართველოზე?
ძალიან ხშირია და ზოგადად, ვფიქრობ, არ არის რთული, ჩემ მუსიკაში ქართული გენეტიკური კოდის ამოკითხვა. ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო ხშირი, რადგან პანდემიის გამო, წელიწადზე მეტია, ვეღარ ჩამოვედი თბილისში. თბილისის გარეშე კი, ძალიან მიჭირს.
პანდემიამდე, ხშირად ვიყავი საქართველოში. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და აგვისტოში ჩემ ქალაქს ისევ ვესტუმრები.
– ქმნით მუსიკას, გაქვთ ახალი პროექტები – სამომავლოდ, კიდევ რას გეგმავთ?
გარდა „SOSANI Tanztheater“- თან ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობისა, იგეგმება, ჩემი პირველი ამერიკული ფილმის „Alternative“ პროდუქციისთვის მუშაობა, ამერიკაში მცხოვრებ, ნიჭიერ ქართველ მსახიობ და რეჟისორ არჩილ გუგბერიძესთან, სადაც ძალიან ნიჭიერმა ხელოვანებმა მოიყარა თავი.

ასევე, აგვისტოში იგეგმება, ჩემი პირველი საუნდტრეკების დისკის გამოცემა, საქართველოში. მუსიკაზე მუშაობა, დაიწყო უკვე, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ნიჭიერმა პიანისტმა ბესო ნამჩევაძემ. მუსიკალური მასალა, შტუტგარტში ჩაიწერება.
– თქვენი აუხდენელი ოცნება…
აუხდენელი ოცნება ჩემთვის, ჩემი კარიერის შემდეგ, ჩემი სახლი იყო, რადგან ძალიან პატარა სახლში გავიზარდე. ყოველთვის ვნატრობდი და ვოცნებობდი დიდ
სახლზე, სადაც ყველა ჩემს მეგობარს დავპატიჟებდი.
ჰოდა, ამ ზაფხულს ახდება, ეს აუხდენელი ოცნებაც – მამასთან და ნიჭიერ ინჟინრებთან ერთად, ჩვენი დიდი სახლის პროექტი იგეგმება. სადაც სულ მალე, ყველას ერთად დავპატიჟებ, სულ ყველას ერთად!
„ძვირფასო მუსიკის მოყვარულებო! ეს გახლავთ, ჩემი პირველი სანოტო კრებული, რომელშიც თავმოყრილია ჩემ მიერ შექმნლი ქართული და გერმანული სატელევიზიო და კინოპროდუქციის მუსიკის საფორტეპიანო ვერსიები. კრებულში შესული ყველა ნაწარმოები შთაგონებულია ადამიანთა ისტორიებით, ფილმების პერონაჟებით და ნამდვილი ამბებით.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას, ჩემი კინომუსიკის სამყაროში – პატივისცემით, ლევან ბაშარული!“
იხ. ვიდეო – გერმანული პოპ ბალადა „Ich halt dich fest“, გერმანელ მომღერალ ანდი მიშელის შესრულებით:























