15:38 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში იკვლევდნენ – ცერცვაძე

არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში იკვლევდნენ – ცერცვაძე

„დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც შესაძლო შემთხვევის პაციენტს, საეჭვო პაციენტს, ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდა ყველაფერი და უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„არც ერთი შემთხვევითი შეფერხებაც კი არ ყოფილა. ერთ დღეში პაციენტს უტარდებოდა სრული გამოკვლევა, ლუგარის ცენტრში ვირუსზე ტესტირების ჩათვლით. 24 საათიც არ ყოვნდებოდა პაციენტი“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციურის გარდა პაციენტებს უკვე სხვა კლინიკებიც მიიღებენ. საუბარია 4 სახელმწიფო კლინიკაზე, ჯამში 440 საწოლით. ასევე იმართება მოლაპარაკებები კერძო კლინიკებთან, რომლებიც ჯამში შეძლებენ გაათავისუფლონ 3600 ადგილი.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X