13:00 | 2021-10-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„არ დაგოიმდეთ“ – თაღლითობა შრომის ინსპექციის სახელით 

„არ დაგოიმდეთ“ – თაღლითობა შრომის ინსპექციის სახელით 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის პოსტი, რომლის პიცერიაშიც ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური მივიდა. არჩილ ზამბახიძის თქმით, ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა სატელეფონო საუბრის შემდეგ ეჭვი გაუჩნდა, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა.

 

„არ დაგოიმდეთ. დღეს პაცცაში მოვიდა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, ძალიან დასტოინი სახეებით და ტონით – დირექტორთან გვინდა შეხვედრაო. მენეჯერი მირეკავს შეშინებული ხმით, ვიღაცები გელოდებიანო. ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც „ნი ტო“ და ა, ბატონო დიალოგი:

 

– გამარჯობა. ვინ ბრძანდებით?

 

– ჩვენ ვართ ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (მპასუხობს შეძლებისდაგვარად ჟუტკი ტონით)

 

– რომელი სსიპ-ა ეს? რომელ სამინისტროს ექვემდებარებით?

 

– ჩვენ არ ვართ საჯარო სექტორი, არც კერძო, არც ენჯეო.

 

– ანუ ინსპექციაზე მოდიხართ და არცერთ საჯარო სტრუქტურას არ მიეკუთვნებით? მინიმუმ, არც კერძოს?

 

– არა. ჩვენ ვმუშაობთ უზენაესი სასამართლოს დადგენილი კანონებით (აი, სად დაენძრათ).

 

– უზენაესი სასამართლო როდის მერე ადგენს კანონებს?

 

უცებ მესმის შორიდან ამ ბიჭის ხმა: – აუ მოდი რა დაელაპარაკე, მე ამის ახსნის თავი არ მაქვს.

 

– ალო, გამარჯობა (ახლა ვიღაც გოგო).

 

– გამარჯობა. ვინ ბრძანდებით?

 

– ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური.

 

– ვის ექვემდებარებით? რომელი საკანონმდებლო აქტებით ხელმძღვანელობთ?

 

– ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიშვა.

 

– ჯანდაცვის სამინისტრომ „გამოგიშვათ“? რამე მიმართვის აქტი, ან ბრძანება გაქვთ?

 

– არა, ანუ გამოგვიშვა რა… ანუ მათთან ვთანამშრომლობთ.

 

– არა, თქვენ მითხარით, რომ ჯანდაცვამ გამოგვიშვაო. ჰოდა, დამიზუსტეთ რა იგულისხმეთ.

 

– არა. ვთანამშრომლობთ მეთქი.

 

– მოკლედ, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. თუ არ არის კიდე, შესაბამისი პირები იქონიებენ რეაგირებას და არც ეგაა პრობლემა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტიც გვყავს.

 

– ჩვენც ეგ გვინდა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს ყველგან.

 

– ვაფასებ თქვენს შრომას, დაგვტოვეთ თუ შეიძლება.

 

– კარგად ბრძანდებოდეთ.

 

მერე მენეჯერს ვურეკავ და ვეკითხები, წავიდნენ მეთქი? და ძაან გაბრაზებულები იყვნენ, ასე თქვეს, ოპერატიულ ჯგუფს გამოვუშვებთ და რამეს მაინც გიპოვნით და პირადად მე მოვაწერ ხელს თქვენი დაჯარიმების აქტსო.

 

ჰოდა, მოკლედ, მეგობრებო, ესენი არიან ტიპები, რომლებიც ასეთ დოკუმენტს გიტოვებენ (იხ. ფოტო)

დასაბნევად და ნდობის მოსაპოვებლად – ახატავენ სახელმწიფო გერბს, საშვის ტიპის დიაგონალურ ზოლს, სათაურში იყენებენ ტერმინებს „ინსპექცია“, „საგამოძიებო სამსახური“ და სხვა, ჰოდა, რა თქმა უნდა, რამე მინიმალურ დარღვევას იპოვნიან (მაკდონალდსიც კი არაა უნაკლო, ყველაზე მაღალი, 96%-იანი მაჩვენებლით), გეუბნებიან, რომ ნტუ ნტუ ნტუ, ამის გამო დასაჯარიმებლები ხართ და ესენი 250 ლარად ყველაფერს წესრიგში მოგიყვანენ. ჰოდა, იცოდეთ, მინიმუმ რაები უნდა ჰკითხოთ ამ თაღლითებს, რომ გამოააშკარავოთ

 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თქვენი სახელით მოვიდნენ ეს ტიპები, პირდაპირ და უშუალოდ მათ გამოგვგზავნეს თქვენთანო ჰოდა, მე კი ვიცი ვინც არიან, მაგრამ თუ მართლა თქვენ გამოუშვით, მითხარით მაინც, ბოდიშს მოვუხდი და ცოტა მეტად ჩავახედებ სამართლებრივ ნაწილში, რომ უზენაესის კანონებით არ ელაპარაკონ ხალხს“, – წერს არჩილ ზამბახიძე.

 

ფაქტს შრომის ინსპექციის სამსახური გამოეხმაურა და კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

„სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს საცნობ ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას.

 

შრომის ინსპექციის სამსახურში შემოსულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას.

 

შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს’’ კონტროლისადმი დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას. ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპეტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა“, – ნათქბამია განცხადებაში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X