12:12 | 2020-05-10 ავტორი: Prime Time

არ გინდა, სიცოცხლე? შენი დედაც-მეთქი.. ვგლიჯე და გავაგორე – ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმართან

არ გინდა, სიცოცხლე? შენი დედაც-მეთქი.. ვგლიჯე და გავაგორე – ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმართან

„პრაიმტაიმი“ 73 წლის ტარიელ (ჯაბა) ონიანს, რომელიც 10-წლიან სასჯელს მკვლელობისთვის იხდის, რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

 

ჩვენი რესპონდენტი პედაგოგი გახლავთ, იყო მუზეუმის დირექტორიც. ის კანონის წინაშე თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

 

მისი თქმით, ძალიან ბევრს ეცადა, ყველაფერი მშვიდობიანად მოეგვარებინა, მაგრამ უშედეგოდ… ნანობს, რომ მაინც დანაშაულის ჩადენა მოუხდა. და აი, რა ისტორია გადახდა მას, რის გამოც ახლა ციხეში მრავალწლიან სასჯელს იხდის.

 

ტარიელ ონიანი, მსჯავრდებული:

 

– 73-ს ვასრულებ თებერვალში. მეექვსე წელი დაიწყო სექტემბერში, რაც აქ ვარ და დარჩენილი მაქვს 4 წელი და 8 თვე. სვანეთში, სოფელ სასაში ვცხოვრობდი.

 

ჩემგან 300 მეტრში ცხოვრობდა ოჯახი, ქოლ-ქმარი პედაგოგები არიან, ჩემი შვილები მათი მოსწავლეები იყვნენ, მათი მშობლები კი ჩემი მასწავლებლები.

 

ერთ დღეს ქუთაისში ვიყავი გასვენებაში წასული. ჩემმა მეუღლემ დამირეკა შეშფოთებულმა. ჩემი არყოფნის დროს, ღამით, როდესაც ჩემი მეუღლე საძინებელში შევიდა დასაწოლად, ვიღაც ფანჯრიდან უჭვრეტდა თურმე.

 

დაუნახავს ჩემს მეუღლეს, უცნია ეს ჩვენი მეზობელი მათემატიკის მასწავლებელი, წივილ-კივილი აუტეხავს და გაჰკიდებია, მაგრამ ის გაქცეულა.

 

ჩამოვედი სასწრაფოდ, მომიყვა დაწვრილებით, მაგრამ არ მითხრა, რომ იცნო. მაშინ ყურადღება არ გავამახვილე, მეუღლეც დავამშვიდე, – მახინჯია ვიღაც, ყურადღება არ მიაქციო-მეთქი.

 

მეორედ და მესამედაც რომ განმეორდა იგივე, თან მაშინ, როცა მე შინ არ ვიყავი, მეუღლე მამაოსთან მისულა, მე კი მიმალავდა, რომ კონფლიქტი არ მომსვლოდა.

 

მამაომ მიიყვანა ეკლესიაში ეს კაცი და გააფრთხილა, რომ ჩვენს ეზოსთან არ გაევლო. დამნაშავეს არ უარუყვია, ბოდიში მოიხადა თურმე, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის მერე ისევ იგივე გაიმეორა. ჩემმა მეუღლემ ისევ მამაოს უთხრა.

 

მამაომ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და ყველაფერი მიამბო. ვუთხარი, სამ დღეს ვაძლევ და სოფელი დატოვოს, თუ არა და სისხლს დავღვრი-მეთქი.

 

თურმე მთელ სოფელს სცოდნია და უკვირდათ, როგორ თმობს ამდენსო, მაგრამ ეს საქმე ქალის სახელთან იყო დაკავშირებული და არ მინდოდა გამწვავება. პირადად მე რომ შემხებოდა, იმ დღესვე გავუსწორდებოდი, მაგრამ აქ სხვა თემა იყო.

 

მომიგზავნეს შუამავალი, – ორი კვირა მოგვეცით და წავალთო, ამაზეც დავთანხმდი, მაგრამ მაინც ვერ დათმო.

 

მისი ძმა ცხოვრობდა მუხრანში და იქ გააფარა თავი დროებით, მაგრამ ისე ჰქონდა აკვიატებული, ვერ გაძლო და რამდენიმე ხანში ჩამოვიდა ისევ, ჩემი ცოლის სანახავად.

 

ჩამოიარა ჩვენს სახლთან. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ ყოფილა. შემდეგ თავისმა  ძმამ და დამ გააგდეს უკან, მუხრანში.

 

შვილებს, რომლებიც მაშინ უკვე სტუდენტები იყვნენ, არაფერს ვეუბნებოდი. არა და, ხალხი რას იტყოდა? სახლში სამი სრულწლოვანი მამაკაცი ვიყავით და ერთ ქალს ვერ ვუვლიდით და ვიცავდით. ბიჭებს ვუმალავდი, რადგან  ვერ დავღუპავდი.

 

ისინი არ აპატიებდნენ დედის შეურაცხყოფას და სისხლს დაღვრიდნენ. ამასობაში დრო გადიოდა, იმას სახლში დაბრუნება უნდოდა, ჩემთან შუამავლად მოსვლას კი ვერავინ ბედავდა.

 

მოგეხსენებათ, სვანეთში წესია ასეთი: როცა ადამიანი დამნაშავეა, სოფელი უნდა დატოვოს და გადამტერებულ ადამიანს გზად არ უნდა გადაეყაროს. უნდა მოერიდოს. არა და, ღირსების საკითხია, რომ უნდა მოკლა.

 

 

ბოლოს, ნათესავები მომიგზავნეს, დათმე, აპატიე, შერიგდით და დაბრუნდეს სოფელშიო. ამის უფლებას როგორ მივცემდი? მისი სახლიდან ჩემი ეზო ჩანდა. ერთმა პოლიციელმა ისიც კი მითხრა, 2 საათი შენ იარე სოფელში და 2 საათი ის ივლისო.

 

შუამავლებს ვუთხარი, თქვენ დაიფიცეთ ხატზე, რომ ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით, აპატიებდით და მეც ვაპატიებ. წავიდეს სოფლიდან, გზად ნუ გადამეყრება და ჩემს ჭიშკართან ნუ გაივლის, არ მოვძებნი, არ ვერჩი-მეთქი.

 

თვითონ ოჯახი მზად იყო, ხატზე დაეფიცებინა, – მე რომ ასე მომქცეოდნენ, ვაპატიებდიო.

 

სვანური წესის მიხედვით, 6 ადამიანი სჭირდება ფიცს, მაგრამ მე 2 ადამიანამდე დავუყვანე და ვუთხარი: ოჯახის გარედან 2 მამაკაცი მოიყვანე, ვინც დაიფიცებს, რომ მის ოჯახს რომ ასე მოჰქცეოდნენ, აპატიებდნენ-მეთქი.

 

ვერ მოძებნეს 2 კაცი, ვინ დაიფიცებდა ამას? ეს ვაჟკაცობის შერცხვენა და თავზე ლაფის დასხმაა.

 

და სწორედაც, ასეთ ადამიანები ვერ მოძებნა, რადგან მსგავს შეურაცხყოფას მართლაც არავინ აპატიებდა და ტყუილზე დაფიცება კი არ შეიძლება.

 

გინდა თუ არა, შენს ჭიშკართან უნდა ვიაროო, – მითვლიდა.

 

ამბობდა, – დამნაშავე კი ვარ, მაგრამ სოფლიდან გაგდება, ან სიკვდილი არ მეკუთვნისო.

 

მისი საქციელი, – სხვისი ცოლის ჭვრიტინი იყო განზრახ მკვლელობის ტოლფასი. ასე აფასებდა ყველა, სოფელში.

 

ნათესავთან 6 ადამიანი შევიკრიბეთ ამ თემაზე სალაპარაკოდ. ერთმა მითხრა, ხომ არ ჯობია, თავი დავხაროთ და ოჯახის ფიცს დავჯერდეთო? როცა ჯერი ჩემს მეგობარზე მიდგა, რომელსაც თავისი სიტყვა უნდა ეთქვა, მითხრა – ასეთ ჩიხში ჯერ არ ვყოფილვარ, ვერც იმას გეტყვი, რომ აპატიე და გამოსავალსაც ვერ ვპოლულობო.

 

– 67 წლის ვარ და არაკაცურად ვერ ვიცხოვრებ, მირჩევნია, კაცურად მოვკვდე-მეთქი.

 

ასეთი სიტუაციის გამო, ძმები იარაღითა და ჯავშანჟილეტით დადიოდნენ. მეც მომზადებული დავდიოდი, რადგან შეთვლილი მქონდა, – სადაც შემხვდები, არ დაგზოგავ-მეთქი.

 

ამ გაწამაწიაში ის ლაჩარი არაკაცი დარჩა გვერდზე და მე და მისი ძმა – გივი დავუპირისპირდით ერთმანეთს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძმა გაფრთხილებული მყავდა, ჩემს სახლთან არ გაევლოთ, „მარშრუტკიდან“ სწორედ იქ ჩამოდიოდა, საიდანაც ჩემი ჭიშკარი უნდა გამოევლო.

 

არ მერიდებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩემმა შვილებმა არაფერი იცოდნენ და 67 წლის კაცი რას გვიზამსო, ფიქრობდნენ და ეგონათ, მომერეოდნენ.

 

ერთ დღეს თივის მოსაგროვებლად წავედი, საქმეს რომ მოვრჩი, სოფლის ცენტრში გავჩერდი.

 

იქ ხალხს გამოველაპარაკე. – ნუ დაიღუპავ თავს, შეეშვიო, მეუბნებოდნენ. როგორ უნდა შეეშვა? ღირსების საკითხია. კაი, დავუშვათ და მე მოვკვდი, ოდესღაც ვიღაც ჩემს შვილებს აუცილებლად ეტყოდა ამ ამბავს და წამოაძახებდა და ამ მკვლელობას მაინც ვერ აიცილებდნენ თავიდან.

 

ამის გამო მე ვიქნებოდი არაკაცი, ეს მკვლელობა და სამართლის აღსრულება შვილებისთვის დამეტოვებინა და დამეღუპა. საჭესთან რომ ვიყავი, სულ ფრთხილად დავდიოდი, რამე არ დამმართნოდა, რომ სისრულეში მომეყვანა ღირსების საქმე.

 

სვანეთში, თუ ორი ადამიანი ერთმანეთს მტრობს და გზაზე გადაეყრებიან, დამნაშავე გზიდან გადახტება და გაიქცევა. ღირსეული კაცი გაქცეულისკენ ნაბიჯს არ გადადგამს და არ გაეკიდება. ამაზე მეტი ჰუმანურობა არც არსებობს.

 

ჰოდა, ცენტრში ვზივარ და ვხედავ, მოდის ეს ჩემი ცოდვით სავსე. ხმას თუ არ გავცემდი და გავატარებდი, ეგ იმას ნიშნავდა, რომ ვაპატიე.

 

არადა, თან მქონდა მხოლოდ სათიბიდან გამოყოლილი ორთითა და ნაჯახი. ასე კაცის მოკვლა ცოტა რთულია, მაგრამ მაინც მივედი, ჯერ ორთითა ჩავარტყი თავში, მერე ნაჯახი, მერე დიდი ქვებიც. ხალხი შემოგვეხვია და გაგვაშველეს, მაგრამ თავი გავუტეხე…

 

მინდა გითხრათ, რომ ასე ძალიან რთულია კაცის მოკვლა. თოფით როცა კლავ, იოლია, გამოჰკრავ სასხლეტს და დაამთავრებ, ნაჯახით მოკვლა კი ძალიან რთულია.

 

ამ კონფლიქტის მერე ის კი გადარჩა, მაგრამ არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ეტყოდა, იმსახურებდი ასე მოქცევას და ახლა მაინც გაერიდეო. ამის ნაცვლად, ყველამ წააქეზა, – უჩივლე, თუ ახლა არ დაიჭერენ, მეორედ თუ გაბედავს, მაშინ მაინც დაიჭერენო.

 

მიჩივლა, სასამართლო შედგა და 100-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს. ეს გამოიყენეს, რადგან ფაქტი სახეზე აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ვერ გავიმეტე და უთხრეს, ხომ გეუბნებოდით, ვერ გაგიმეტებსო და აგერ, გამოჩნდა კიდეცო.

 

რომ არ დაადგა სოფლიდან მათი წასვლის ამბავს საშველი, კიდევ შევახსენე შუამავლებს და ამბავი მომიტანეს, რომ მუხრანში მცხოვრებ ძმას, გივის დაურეკეს და იმან უთხრა, სულ ფეხებზე მკიდია, ეგ რას იტყვის, მე ძალიან კარგად ვარ და მაგას თუ შერიგება არ უნდა, რაც უნდა, ის გააკეთოსო.

 

ძმა არ აძლევდა სოფლიდან წასვლის უფლებას, თორემ ეს, უშუალო დამნაშავე ალბათ წავიდოდა.

 

 

ერთ დღეს ეზოდან დავინახე, რომ ხარები სხვას გაატანა ისე, რომ ჩემს ჭიშკართან არ ჩამოიარა და გამიხარდა, – მომერიდა-მეთქი. მეზობელსაც გავუზიარე ჩემი აზრი.

 

არ ვიცი, ამ მეზობელმა დაურეკა და უთხრა თუ უბრალოდ, დამთხვევა იყო, რომ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ეზოში შეშას ვჩეხდი და დავინახე, გივი გზაზე მოდიოდა. შევცბუნდი. შეშის გროვაზე ავედი, დასამალი რა მქონდა, მკვლელობას ვაპირებდი და რატომ დავიმალებოდი?

 

 

ვხედავ, მოდის ჩემი ჭიშკრისკენ და უცებ მეზობელთან შევიდა, რომელიც ჩემიდან 50 მეტრში ცხოვრობს. 12-კალიბრიანი სანადირო თოფი მქონდა სახლში და გამოვიტანე.

 

უფროსი ბიჭი ბიძაშვილს ეხმარებოდა სათიბში, მეორე შვილს ეძინა, მეუღლე ბოსტანში იყო და თოფი ისე გამოვიტანე, არავის დაუნახავს.

 

მეზობლის ეზოში რომ შევიდა, ვიფიქრე, შევყოლოდი, მაგრამ იქვე უარვყავი ეს აზრი, რადგან სხვის ეზოში რა მინდოდა? ეს არაკაცურია. თან იმ მეზობელს, ეზოს მეორე მხარეს ჭალაში გასასვლელი ჰქონდა.

 

ვიფიქრე, შეიძლება იმ გასასვლელით გავიდეს-მეთქი და გამიხარდა კიდეც, რომ ავცდებოდი მკვლელობას, მაგრამ ცოტა ხანში დავინახე, რომ უკან გამოვიდა.

 

ჭიშკარი რომ გააღო, ვიფიქრე, თუ თავისი სახლისკენ წავიდოდა, ზურგით იქნებოდა ჩემსკენ და ვერ ვესროდი, კაცს ზურგიდან არ უნდა ესროლო, მაგრამ ადგა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. – არ გინდა, სიცოცხლე? შენი დედაც-მეთქი – ვგლიჯე და გავაგორე.

 

ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ამ დროს იარაღი ქამარში ჰქონდა. ერთ გასროლას მეორე მივაყოლე, მერე კიდევ ორჯერ გავისროლე. ჩემი ბიჭი გამოვარდა, – რა ხდებაო? – არაფერი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ დაინახა გზაზე დაგდებული მკვდარი.

 

უფროსი ბიჭიც სასწრაფოდ მოვძებნე, უცებ ჩავსვი მანქანაში ოჯახი და იქაურობას გავარიდე. მე და უმცროსი ბიჭი კი ტყეში წავედით. შვილი მეორე ღამეს შემოვუშვი სოფელში, მე დავრჩი ტყეში. რაჭა, ლეჩხუმი, წყალტუბოს ტყეები გაივსო სპეცრაზმელებით.

 

მეძებდნენ, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე სად მიპოვიდნენ? მე ყველას ვუყურებდი, სად დადიოდნენ, სად მეძებდნენ, მაგრამ ისინი ვერასდროს მიპოვნიდნენ.

 

წინასწარ ყველაფერი მქონდა მომზადებული და საზღვრის გადაკვეთას ვაპირებდი, მერე კი ვერავინ მომაგნებდა, მაგრამ  ჩემი შვილი დააკავეს ჩემ გამო და შევუთვალე, გაუშვით და გამოვჩნდები-მეთქი.

 

პოლიციის უფროსი დამხვდა ერთ ადგილზე და ჩავბარდი. ციხეში რომ მოვხვდი, დავისვენე.

 

P.S. ტარიელ ონიანმა პატიმრობის პერიოდში ხეზე კვეთა შეისწავლა და ახლა დრო ხის ნივთების კეთებაში გაჰყავს.

 

ელოდება საპატიმრო ვადის გასვლას, რომ შვილებს მიხედოს და ცხოვრების დარჩენილი წლები როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს შეჰფერის, ისე გაატაროს.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

ავტორი: Prime Time

X