
არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა – ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმ ძალიან ბევრი გამოწვევისა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი ამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი საზოგადოება აწყდება, საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში.
თქვენ იცით, რომ 30 პაციენტი გვყავს, იცით, რომ ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას, ჩვენი ეპიდოლოგები მუშაობენ, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი. შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ან გამოვაცხადოთ საგანგებო ვითარება, საგანგებო მდგომარეობა.
ამდენად ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვიღებ იმ ზომებს, რომელიც არის საჭირო სოციალური დისტანციისთვის, შეზღუდვას ზედმეტად შეკრებისთვის, ან შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი მაღაზიების ან სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, არანაირად არ აისახება იმ მუდმივ მოწოდებაზე იმ აუცილებელი პროდუქტების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ერთობლივი მუშაობით ბიზნესთან უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.






















